თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, მისი ხელფასი არ გაზრდილიყო, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვფიქრობ, არასწორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი – ვასილ მაღლაფერიძე
საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში. მინდა, ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პროფესიონალიზმისთვის, რაც კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ამ მღელვარე პერიოდში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„დღეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკურ ცხოვრებაში. 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა იმ პროგრამული პრიორიტეტებით, იმ დებულებითა და კანონით, რომელიც არის მიღებული, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ. 2025 წელი უკვე იქნება პირველი წელი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობიდან იმაუწყებლებს. მარტიდან ახალ შენობაში საბოლოოდ გადავალთ, თუმცა ნახევარი ტელევიზია პრაქტიკულად იქ არის“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა მიმდინარე საკითხები.
„ჩვენ წინა სამეურვეო საბჭოზე გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი გაგვეზარდა, მაგრამ თავად თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, რომ ხელფასი არ გაზრდილიყო და ეს საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. ვფიქრობ, არასწორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდება ხელფასების მატების ის ტენდენცია, რაც აღებული აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. რასაკვირველია, ყველას გვინდა, ხელფასი მეტი იყოს. ეს არ არის პირდაპირ სამეურვეო საბჭოს საქმე, მაგრამ, როგორც ვიცი, დაახლოებით, 450-ზე მეტ ადამიანს ემატება ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება ტალღისებურად, სეგმენტების მიხედვით, თავისი გრადაციით. ამას ძალიან მივესალმები, რადგან ეს არის, ერთი მხრივ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და რაც მთავარია, მოცული იქნება ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ახალი გადაცემები. ეს, რასაკვირველია, მენეჯმენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ბევრი საინტერესო გადაცემა იქნება. ახალ შენობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში. მინდა, ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პროფესიონალიზმისთვის, რაც კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ამ მღელვარე პერიოდში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
1tv.ge