ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო არის და დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ.
„ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვაჩვენეთ ის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. საქართველო არის სახელმწიფო და საქართველო დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება.
კობახიძის განცხადებით, ლარის კურსმა უკვე დაიწყო დასტაბილურება და ეკონომიკის განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
„გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. თქვენ იცით, რომ ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, ბუნებრივია. ხედავდით, რომ იყო მოკლევადიანი გავლენა ლარის კურსზე, თუმცა, როგორც კი ძალადობა დასრულდა, მაშინვე დაიწყო კურსის ქვემოთ ჩამოსვლა და დღეს ხედავთ, რომ უკვე რამდენიმე თეთრით არის ქვემოთ ჩამოსული ის კურსი, რომელიც ზემოთ ავიდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში, გამოვიარეთ „ნაცმაიდნის“ 4 მცდელობა და თითოეული მცდელობის პირობებში კურსი ადიოდა ზემოთ, თუმცა როგორც კი და დასტაბილურდებოდა ვითარება, მაშინვე ჩამოდიოდა კურსი ქვემოთ და აქაც ვხედავთ იმავე ვითარებას.
ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, რა თქმა უნდა, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ, წელს, გვაქვს 10 თვის მონაცემებით 10 %-იანი ზრდის მაჩვენებელი, პირველ ადგილზე ვართ ევროპასა და ფართო რეგიონში და წლის ბოლომდე ძალიან მაღალი მაჩვენებლით მივალთ. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალ წელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა პრემიერმა.