„ძალიან ცოტა ადამიანი იდგა განათლების სამინისტროსთან აქციაზე იმ მასწავლებლების და დირექტორების მხარდასაჭერად, ვისაც სისტემა უსამართლოდ მოექცა“ – მეგი კავთუაშვილი

„ძალიან ცოტა ადამიანი იდგა განათლების სამინისტროსთან აქციაზე იმ მასწავლებლების და დირექტორების მხარდასაჭერად, ვისაც სისტემა უსამართლოდ მოექცა“ – მეგი კავთუაშვილი
„ძალიან ცოტა, ალბათ 20-30 ადამიანი იდგა დღეს განათლების სამინისტროსთან აქციაზე იმ მასწავლებლების და დირექტორების მხარდასაჭერად, ვისაც სისტემა უსამართლოდ მოექცა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი წერს.
მისი თქმით, „დემოკრატია თუ არ იქნება სკოლაში, თუ დირექტორებს სასკოლო საზოგადოება კი არ აირჩევს, პარტია დანიშნავს, არც მშობელთა ჩართულობა გამოვა, ვერც ბავშვთა უფლებების დაცვა. თავისუფლების გარეშე აღარც სკოლის სისუფთავეს ექნება მნიშვნელობა და აღარც სასკოლო კვებას“.
მეგი კავთუაშვილის მიერ გავრცელებულ ტექსტს სრულად გთავაზობთ:
„ძალიან ცოტა, ალბათ 20-30 ადამიანი იდგა დღეს განათლების სამინისტროსთან აქციაზე იმ მასწავლებლების და დირექტორების მხარდასაჭერად, ვისაც სისტემა უსამართლოდ მოექცა.
იმ 20 კაცში ერთ-ერთი მეც ვიყავი, რადგან ზუსტად ვიცი, დემოკრატია თუ არ იქნება სკოლაში, თუ დირექტორებს სასკოლო საზოგადოება კი არ აირჩევს, პარტია დანიშნავს, არც მშობელთა ჩართულობა გამოვა, ვერც ბავშვთა უფლებების დაცვა. თავისუფლების გარეშე აღარც სკოლის სისუფთავეს ექნება მნიშვნელობა და აღარც სასკოლო კვებას.
ახლა არ დავასახელებ, მაგრამ არწარდგენილ დირექტორებს შორის რამდენიმე ისეთი იყო, რომ მიფიქრია, ნეტავ ასეთი დირექტორი ყველა სკოლას ჰყავდესთქო. გაგიჟდა ხალხი, ვერაფრით მიხვდნენ, რა ვერ გააკეთეს სწორად და რისთვის დაისაჯნენ.
მჯერა, აქ გამოსულ ადამიანებზე ბევრად მეტი თვლის, რომ სკოლა უნდა იყოს თავისუფალი პარტიული პოლიტიკისგან. შეიძლება ბავშვური მიამიტობაა, მაგრამ მგონია, ამ შენობაშიც მუშაობენ ადამიანები, ვინც ამ მთავარ საკითხში ეთანხმება პროტესტის ავტორებს.
თავისუფლებისთვის ყველამ იმდენი უნდა გავაკეთოთ, რამდენიც შეგვიძლია.
პ.ს. უკან ფონზე, 2 მოსწავლე საქართველოს და ევროკავშირის დროშით ყველაზე მეტს ამბობს“, – წერს მეგი კავთუაშვილი.