ცვალებადია გლობალური გარემო, შიდა ვითარებაც არაა მარტივი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა გამოწვევების მიუხედავად, ამ შოკების მიმართ შესაშურ მედეგობას ავლენს – ნათია თურნავა

ცვალებადია გლობალური გარემო, შიდა ვითარებაც არაა მარტივი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა გამოწვევების მიუხედავად, ამ შოკების მიმართ შესაშურ მედეგობას ავლენს – ნათია თურნავა
ცვალებადია გლობალური გარემო, შიდა ვითარებაც არაა მარტივი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა გამოწვევების მიუხედავად, ამ შოკების მიმართ შესაშურ მედეგობას ავლენს – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ამასთანავე უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
„აღსანიშნავია, რომ დაბალ ინფლაციასთან ერთად, მაღალია ეკონომიკური მაჩვენებელი. წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ათი თვის ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს. ვიმედოვნებ, რომ კვლავაც შენარჩუნდება ასეთი კეთილსაიმედო შეხამება – მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფასების დონის სტაბილურობა, ანუ დაბალი ინფლაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი შეფასებით, ამ ეტაპზე სავალუტო ბაზარზე სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება.
„რაიმე ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ამ ეტაპზე არ არსებობს. არაეკონომიკურიფაქტორების მოქმედება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა იმ დოზით, რომ დღეს-დღეობით ჩვენი ჩარევა საჭირო იყოს – ბაზარი, განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისა, დღეს დაბალანსებულია, დინამიკურია და ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის. ჩვენ გვაქვს ინტერვენციის ბერკეტი და საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარებით ბაზარს“, – აღნიშნა მომხსენებელმა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას საშუალოვადიან პერიოდში. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.