ბათუმის ნავთობტერმინალიდან გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა

ბათუმის ნავთობტერმინალმა ნავთობპროდუქტების გადაზიდვა იანვარ-ოქტომბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით გაზარდა.
ინფორმაციას Reuters ტერმინალის მფლობელი ყაზახური სატრანსპორტო კომპანია “ყაზტრანსოილის” მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ნედლი ნავთობის თხევადი პროდუქტების გადაზიდვა 1.606 მლნ ტონამდე გაიზარდა.
მუქი ნავთობპროდუქტების გადაზიდვა მიმდინარე წლის 10 თვეში, წლიური თვალსაზრისით, 26%-ით გაიზარდა და 858 000 ტონა შეადგინა, ხოლო ღია (მსუბუქი) ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება 38%-ით, 584 000 ტონამდე გაიზარდა.
თხევადი ნახშირწყალბადის გაზის (LPG) გადაზიდვები 10%-ით შემცირდა და 163 000 ტონა შეადგინა.
ყაზახეთი ს ნავთობტერმინალით მაზუთის, LPG-ისა და ვაკუუმური გაზოილის ექსპორტს ეწევა. “ყაზტრანსოილს” საინვესტიციო პროექტები აქვს დაინიცირებული, რომლებიც ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით LPG-ისა და ღია ნავთობპროდუქტების გადაზიდვის გაზრდას ისახავს მიზნად. ეს პროექტები ამჟამად განხილვის სტადიაზეა და ამიტომ ჯერ უცნობია, მოსალოდნელია თუ არა გადაზიდვების გაზრდა 2025 წელს.
ცნობისთვის: ბათუმის ნავთობტერმინალის გადაზიდვის სიმძლავრე წელიწადში 12 მლნ ტონა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს შეადგენს. ნავთობტერმინალზე 5,000-დან 140,000 ტონამდე წყალწყვის გემების მისაღები სამი ნავმისადგომია. ტერმინალს, ასევე, ხუთი სარეზერვო პარკი აქვს, რომელიც 134 საწყობს აერთიანებს. მათი საერთო მოცულობა 590,000 კუბურ მეტრზე მეტია.