ჩვენ უკვე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიღმა ვართ – ნიკოლ ფაშინიანი
ჩვენ უკვე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიღმა ვართ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ეროვნულ ასამბლეაში „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრმა, დავიდ კარაპეტიანმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მთიანი ყარაბაღის მოვლენებში ვერ ჩაერია, რადგან სომხეთის რესპუბლიკაზე თავდასხმა არ მომხდარა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთი მხარს უჭერს ყველა დოკუმენტს, რომელიც მიღებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: 2021 და 2022 წლებში იყო ტერიტორიული ხელყოფა და აგრესია სომხეთის წინააღმდეგ. ამავდროულად, აგრესია მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენს მოკავშირეებთან განვიხილეთ ეს საკითხი და დავინახეთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით ვითარდებოდა. ამ დროს მივიღეთ პასუხი ჩვენი მოკავშირეებისგან, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები წითელი ხაზია, როცა მოხდა ხელყოფა, ჩვენ ვუთხარით: ძვირფასო კოლეგებო, წითელი ხაზი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, გადალახულია. ამის შემდეგ თქვეს: ეტყობა საზღვარი არ იყო შემოსაზღვრული? მაშინ ჩვენ ვთქვით: ამ შემთხვევაში, სად არის წითელი ხაზი, გვაჩვენეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხაზი სომხეთის რესპუბლიკაში. არ გვაჩვენეს.
ჩემი რეაქცია, რომელიც საჯაროდ გავაჟღერე, ასეთი იყო – თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას არ აქვს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში და ვერ ავლებს ამ ხაზს, მაშინ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, როგორც ორგანიზაცია, არ არსებობს და ამიტომაც უარი ვთქვი 2022 წლის შემოდგომაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. ყარაბაღის ირგვლივ ვითარება აბსოლუტურად არაფერ შუაშია“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას საქმიანობაში, რაც ნიშნავს, რომ სომხეთი არ მონაწილეობს დოკუმენტის შემუშავებაში.