ღარიბაშვილის კადრი თავდაცვის მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლდა – მიზეზი უცნობია

ირაკლი ღარიბაშვილის კადრი თავდაცვის მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დავით სუჯაშვილს გელა გელაძე შეცვლის. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, ასევე ის სუჯაშვილი სხვა თანამდებობაზე გადავიდა თუ უწყება საერთოდ დატოვა.

დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 12 სექტემბერს, ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნიდან 3 დღეში დაინიშნა.

მანამდე ის დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო, სადაც ასევე ღარიბაშვილმა დანიშნა 2013 წელს.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს, ის აქამდე განათლების მინისტრის მოადგილე იყო

“თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღემდე მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. წლების განმავლობაში, ამავე უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობას. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.

გელა გელაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი შეცვალა”, – ნათქვამია თავდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.