დინა ნასყიდაშვილი შოკოლადის დამზადებით პანდემიის პერიოდში დაინტერესდა, 6-თვიანი ონლაინ კურსები გაიარა და ჯერ ონლაინ ყიდდა პროდუქციას, შემდეგ კი გორში ხელნაკეთი შოკოლადის პირველი მაღაზია გახსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ხელნაკეთი შოკოლადის საწარმო „ნიმბას” დამფუძნებელი დინა ნასყიდაშვილი ამბობს, მაღაზიის გახსნაში აწარმოე საქართველოს 21 000-ლარიანი გრანტი დაეხმარა, მაგრამ ერთი ამდენის დამატება კიდევ თვითონ მოუწია და მთლიანობაში „ნიმბას“ შოკოლადის მაღაზიის გახსნა 42 000 ლარზე მეტი დაჯდა.
„ნიმბას“ შექმნისა და გეგმების შესახებ „კომერსანტი“ დინა ნასყიდაშვილს ესაუბრა.
როდის დაინტერესდით შოკოლადის წარმოებით და რამ განაპირობა ეს დაინტერესება?
დინა ნასყიდაშვილი, „ნიმბას“ დამფუძნებელი: ყველაფერი დაიწყო პანდემიის დროს, 2020 წელს. შოკოლადი ძალიან მიყვარს, გურმანი ვარ და ძალიან მინდოდა ისეთ შოკოლადი შემეძინა, რომელიც იქნებოდა ჯანსაღი, მინარევების, ემულგატორების და ქიმიური დანამატების გარეშე. თან მე პრედიაბეტური მდგომარეობა მაქვს და მინდოდა, რომ დიაბეტური შოკოლადი მეპოვა, მაგრამ ვერსად ვნახე.
ამის შემდეგ დავინტერესდი, ინტერნეტში მოვიძიე როგორ მზადდებოდა შოკოლადი და გავიგე, რომ სახლის პირობებშიც შეიძლება შოკოლადის მომზადება. პირველ ცდაზე არ გამომივიდა, მერე მივხვდი, რომ უნდა შემესწავლა ეს საქმე. რადგან პანდემია იყო, ონლაინ მომიწია კურსების გავლა. 6-თვიანი კურსი გავიარე და სერტიფიკატი ავიღე და სახლში ვამზადებდი შოკოლადს, ფეისბუქ გვერდი გავაკეთე და 2020 წლიდან ვიღებდი შეკვეთებს.
პირველივე მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გაარეკლამა და რეკომენდაცია გაუწია ჩვენს შოკოლადს და ამის შემდეგ, ჩემი შოკოლადისადმი დაინტერესება გაიზარდა.
სად იყიდება „ნიმბას“ შოკოლადი?
ჩვენი შოკოლადი იყიდება ონლაინ. ამას გარდა, 2022 წელს გორში გელდიაშვილი პირველ ნომერში საკონდიტრო გავაკეთე, მანამდე აქ ხელნაკეთი შოკოლადის მაღაზია არ იყო.
რა ინვესტიციით გააკეთეთ მაღაზია?
„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში 21 000 ლარით დამაფინანსეს და დაახლოებით ერთი ამდენი ჩემი ინვესტიცია დავამატე.
რა ღირს თქვენი შოკოლადი?
ჩვენი შოკოლადი იყიდება ცალობით და შეფუთვებში. ცალობით ერთი ფილა შოკოლადი 10-დან 15 ლარამდე ღირს, გააჩნია შიგთავსს. თუ მთლიანად შავი შოკოლადია და დიაბეტურია, უფრო ძვირი ღირს. გორის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებიდან გვაქვს შეკვეთები. შოკოლადს საქართველოს ფოსტის მეშვეობით ვაგზავნით.
როგორია „ნიმბას“ ასორტიმენტი
ძირითადი სახეობებია თეთრი, შავი და რძიანი შოკოლადები. აქედან გამომდინარე გვაქვს სხვადასხვა ვარიაციები – თხილით, ხილით, ქიშმიშით, დიაბეტური, არადიაბეტური, ტრიუფელები და ა.შ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?
სამომავლოდ მინდა, რომ სტენდები მქონდეს თბილისის დიდ მოლებში, მაგრამ ეს გეგმა გრძელვადიანია.
