თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციამ 29 ნოემბრის ღამეს დააკავა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე.
დაკავებისას სასტიკად ნაცემი ზვიად რატიანი სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს – რომელ იზოლატორში გადაიყვანენ მას სასამართლო დარბაზიდან, ცნობილი არ არის.
ზვიადს მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე აქვს სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები.
2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.