ჩვენ სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კანადა ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რასაც რუსეთი საქართველოში ცდილობს და ჩვენ ამ თვალსაზრისით (ბალტიისპირეთის ქვეყნების) მაგალითს მივყვებით, სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი, ჩვენი სანქციების რეჟიმის საფუძველზე. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩემგან უფრო მეტს მოისმენთ“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.
შეგახსენებთ, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გუშინ განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, “ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს”.
დღეს, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმ ადამიანების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც ბალტიისპირებითის ქვეყნებში შესვლას ვერ შეძლებენ.
„უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.