მიხეილ სარჯველაძე „მავნებლურსა და დივერსანტულს“ უწოდებს საჯარო მოხელეების მიმართ მოწოდებებს, რომ მუშაობა შეწყვიტონ

ჯანდაცვის მინისტრი „მავნებლურსა და დივერსანტულს“ უწოდებს საჯარო მოხელეების მიმართ მოწოდებებს, რომ მუშაობა შეწყვიტონ და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება.
როგორც სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამგვარი მოწოდებები „დიდი დრამატურგიის ნაწილია“.
„მინდა, ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს, მადლობა გადავუხადო. დღევანდელ დღეს და არა მხოლოდ, მათი შრომა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა და მინდა ამ შრომისთვის მადლობა გადავუხადო.
რაც შეეხება ამგვარი ტიპის მოწოდებებს, ესეც დიდი დრამატურგიის ნაწილია, რომლის სცენარითაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ცრუ პანიკების დათესვა საზოგადოებაში, მაგალითად, ვითომ შეწყვეტილ პროგრამებთან დაკავშირებით, არამედ იმავდროულად მოწოდება ხდება, რომ საჯარო მოხელეებმა მუშაობა შეწყვიტონ და რამენაირად ხელი შეუწყო სახელმწიფოს ჩამოშლას. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის გულშემატკივრობით გამოწვეული მოწოდება არაა. ეს ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მერკანტილურ ინტერესებს და ეს ინტერესი გულისხმობს იმას, რომ რამე ფორმით ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ამაზე ხელი მოითბონ. ეს არ არის არც კეთილსინდისიერი, არც ქვეყნის პატრიოტიზმთან აქვს საერთო. ეს არის მავნებლური, დივერსანტული საქმიანობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.