ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება დროებითია.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, მატერიალურ-ფინანსური პრობლემის გაჩენა მოსალოდნელი არ არის.
„თუ გავაცნობიერებთ, რა შინაარსი აქვს ამ თანამშრომლობას დღეს, იმ ფონზე, თუ როგორია ჩვენი სურვილი, რომ იყოს აშშ-სთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ხარისხი, გასაგებია, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშკარად არის დროებითი, იმიტომ, რომ არ მგონია, ამას რაიმე კონკრეტული საფუძველი გააჩნდეს ან ემსახურებოდეს ან საქართველოს ან აშშ-ს ინტერესს. აქედან გამომდინარე, მართლა გულწრფელად მგონია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული რამდენიმე კვირის ამბავი, როდესაც გარკვეული პრობლემები შეიძლება არსებობდეს ამ ურთიერთობებში.
რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გააფუჭოს ამან საქართველოსთვის, ამ დრომდეც ხაზგასმით ვამბობ, სამწუხაროდ, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა უპირატესად პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი იყო, პოლიტიკური თვალსაზრისით იყო ეს მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ეს ამიერიდანაც, სწორედ ამავე თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა. რაც შეეხება რაიმე მატერიალურ, ფინანსურ და ამ სახის პრობლემების გაჩენას, ასეთი მოსალოდნელი არ არის იმის გათვალისწინებით,რომ ამ დრომდე არ არსებულა, მაგალითად ან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში არ ყოფილა გათვალისწინებული იგივე პირდაპირ ფრენა, ან მაგალითად, უვიზო რეჟიმის არსებობს, ან სხვა ტიპის ისეთი რეგულაციები, რომელიც უკეთეს შესაძლებლობებს აძლევდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული თვალსაზრისით აშშ-სთან თანამშრომლობაში. იგივე მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.
ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად დადგება ის დრო, როდესაც რეალურად დაიწყება ნაბიჯების გადადგმა ამ ურთიერთობების გადასატვირთად. ჩვენის საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის აშშ-ს არა ისეთი მიზეზით განპირობებული გადაწყვეტილებები აშშ-ს მხრიდან მიღებული, რომელიც შეიძლება ლეგიტიმურად ან სამართლიანად მივიჩნიოთ საქართველოსთან მიმართებაში“, -განაცხადა სარჯველაძემ.