მთავრობის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, ვგმობთ ძალადობის რეალურ ფაქტებს – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეცვალოს პოლიტიკური გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან ცალმხრივად მოხსნაზე, რაც კონტექსტის მიუხედავად, დამაზიანებელია ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე, არ პასუხობს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს და არ ქმნის მკაფიო ნდობას ხელისუფლების ნებაზე საქართველო გახდეს ევროინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყანა.
მეორეს მხრივ, ორგანიზაცია გმობს არაპროპორციულ ძალას მომიტინგეების მიმართ.
მათი განმარტებით, ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ჯგუფს, რომელმაც გამოიწვია ძალადობა, ძალადობის მხარდაჭერა და ძალადობის პროვოცირება, რაც უკიდურესად აზიანებს საქართველოს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობის პრინციპებსა და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის უმრავლესობის ნებას ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენდა, იმის მიუხედავად, რომელი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ გამოიხატა მხარდაჭერა. 2012 წლის შემდგომ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ისტორიული შედეგები საჭიროებს დაცვას და განვითარებას. გაცხადებული მიზანი – „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც სრულად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის ურყევ ნებას, გახდეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი“ – მთავრობის არსებული განცხადებით, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას ახდენს. საქართველო ევროკავშირისგან იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, ამ რეალობის საწინაღმდეგო პოზიციის ოფიციალურ გაცხადებამდე კი, მთავრობის პოზიციას ობიექტური საფუძველი არ გააჩნდა.
“მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნაც – კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ პირობას. ინტეგრაცია მრავალმხრივი მოვლენაა, თავისთავად ვერ იქნება ცალმხრივი პროცესი. ამდენად, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეცვალოს მიდგომა და ძალისხმევა მიმართული იქნეს მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დაწყებაზე. დაუშვებლად მიგვაჩნია, ევროინტეგრაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს არც ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების სამომავლო გადაწყვეტილებებითაც, იმის მიუხედავად, რა ობიექტური თუ სუბიექტური პოლიტიკური დებატები უდევს საფუძვლად საქართველოში პოლიტიკური პროცესის შეფასებას. ევროინეტეგრაცია მთლიანად ეკუთნის საქართველოს ხალხს და დაუშვებელია, აღნიშნული პროცესის შეფერხება გამოყენებული იქნეს დასჯის მექანიზმად.
მასთან, ნებისმიერი მოქალაქის და ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება კანონით დაცული სიკეთეა. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეზღუდვაც სამართლებრივი სიკეთის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უნდა ემახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. ყველას აქვს აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, გაირკვეს, სახელმწიფოს მიერ რამდენად დამაჯერებელი და თანიმდევრული ძალისხმევა იქნა მიმართული ძალადობის თავიდან აცილების მიზნით და რატომ ვერ მოხერხდა ესკალაციის შეჩერება. საზოგადოება დემონსტრაციაზე აგრესიული ჯგუფების ქცევასაც ხედავს და მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეებსაც. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ჯგუფს, რომელმაც გამოიწვია ძალადობა, ძალადობის მხარდაჭერა და ძალადობის პროვოცირება. ძალადობა დასაგმობია და მიზნის მიღწევის საშუალებას არ წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამართლებრივ შესწავლას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საპირისპირო მოქმედებების ფარგლები და მოქმედება, მაგრამ შემთხვევები, რომელიც საზოგადოების წინაშე გახდა ცნობილი, ღიად ტოვებს არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე მითითებას. ფაქტები შეეხება აქციის მონაწილე პირების მიმართ ფიზიკურ დასჯას, რა დროსაც, ძალის გამოყენების არავითარი კანონით გათვალისწინებული წინაპირობა ან საფუძველი, არ არსებობდა.
ამასთან, ორგანიზაცია გმობს პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს, რომელიც შესაძლებელია მოტივირებული ყოფილიყო კრიტიკული აზრის მიმართ წინასწარი შეცნობით. ორგანიზაცია სოლიდარულია ჟურნალისტური კორპუსის მიმართ, რომელთა საქმიანობასაც ხელი შეეშალა,” – ვკითხულობთ ორგანიოზაციის განცხადებაში.
ახალგაზრდა ადვოკატები მთავრობას, და პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ აქციის მონაწილე მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.