მიღწეულია შეთანხმება – აქციის მონაწილეებს 20 საათზე საზმაუს პირდაპირი ეთერი დაეთმობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასა და საზმაუსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა.
დღეს, 30 ნოემბერს, 20 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი დაეთმობა საპროტესტო აქციის 12-მდე მონაწილეს.
პირდაპირ ეთერს გაუძღვება „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. სწორედ ეს მოთხოვნა ჰქონდათ დემონსტრანტებს.
თავდაპირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მათ სთავაზობდა პირდაპირი ეთერის სხვა ფორმატსა და სხვა წამყვანს, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფესორ-მასწავლებლები, სახელოვნებო დარგების წარმომადგენლები 17 საათისთვის შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს და გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას.