ირანის ხელისუფლება მაჰსა ამინის ოჯახს სახაროვის პრემიის მიღების უფლებას არ აძლევს

ირანის ხელისუფლება ირანელი ქურთი ქალის, მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს ირანის დატოვების და ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის მიღების საშუალებას არ აძლევს, რომელიც ევროპარლამენტმა ახალგაზრდა ქალს სიკვდილის შემდეგ გადასცა.
„ამინის მშობლებსა და ძმას არ მიეცათ საშუალება, ჩამსხდარიყვნენ თვითმფრინავში, რომელსაც ისინი სახაროვის პრემიის მისაღებად საფრანგეთში უნდა ჩაეყვანა“, – განაცხადა საფრანგეთში ოჯახის ადვოკატმა, შირინ არდაკანიმ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ვიზა ჰქონდა, ირანიდან გასვლა აეკრძალა და პასპორტები ჩამოართვეს. ახლა ჯილდოს ოჯახის სახელით მიიღებს ადვოკატი სალეჰ ნიკბახტი, რომელიც უკვე პარიზში იმყოფება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მოუწოდა თეირანს, „გააუქმოს გადაწყვეტილება მაჰსა ამინის დედის, მამისა და ძმის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ“. რობერტა მეცოლას თქმით, მათ მომავალ სამშაბათს ელოდნენ სტრასბურგში, სადაც სახაროვის პრემია უნდა გადაეცათ.
“სიმართლის დამალვა შეუძლებელია”, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მაჰსა ამინი 2022 წლის 16 სექტემბერს მას შემდეგ დაიღუპა, რაც ე.წ. „მორალის“ პოლიციამ ჰოჯაბის არასათანადო ტარების ბრალდებით დააკავა. მაჰსა ამინის ოჯახის მტკიცებით, გოგონა პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა, რასაც თეირანის ხელისუფლება უარყოფს. ამინის სიკვდილმა ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია ლოზუნგით “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!”, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს 550-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა, ხოლო შვიდი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოზე – საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები