თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს. მოქალაქეები ცდილობენ მიმდებარე ქუჩებს შეაფარონ თავი, შემდეგ კი ისევ დაბრუნდნენ რუსთაველის გამზირზე.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობს გზის სავალი ნაწილის ჩახერგვას. ხალხი რუსთაველის გამზირზე გაფანტულად დგას, მათ შორის მკვეთ და პარალელურ ქუჩებზე.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პოლიციამ დღესაც, 29-30 ნოემბერის ღამესაც დააკავა რამდენიმე ადამიანი. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობენ.