29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტები დაშავდნენ.
· „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პარლამენტის გვერდით, თავის არეში მიიღო დაზიანებები; იგი მძიმე დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს;
· „პირველის“ ცნობითვე, დაშავდა ამავე ტელეკომპანიის ოპერატორნი პაპუნა ხაჩიძე;
· თბილისში ბაზირებული რუსული ლიბერალური გამოცემის, Paper Kartuli-ის ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, ფიოდორ ხუდოკორმოვი ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს. მას თვალის არეში აქვს დაზიანება. მისი თქმით, პოლიციელები ფიზიკურად ჭიჭინაძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. ვიდეოში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, ისმის, როგორ აგინებს ერთ-ერთი პოლიციელი ჟურნალისტს.
საპროტესტო დემონსტრაცია გრძელდება.
დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე ცდილობენ დარჩენას – პოლიცია მათ დარბევას აგრძელებს.
შსს-მ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი „2028 წლამდე“.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია დაარბია და მონაწილეები დააკავა.
შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.