ირანის ხელისუფლებამ ნება არ დართო საფრანგეთში, ანდრეი სახაროვის პრემიის მისაღებად წასულიყვნენ მაჰსა ამინის ოჯახის წევრები.
ევროპარლამენტის ანდრეი სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ მიენიჭა მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ.
პრემიის მისაღებად მიწვეული იყვნენ ამინის მშობლები და ძმა. მაგრამ ვიზის ქონის მიუხედავად სასაზღვრო დაცვამ მათ არ მისცა თვითმფრინავში ასვლის უფლება და პასპორტები ჩამოართვა. ოჯახის წევრების ნაცვლად ცერემონიაზე მივლენ მათი ადვოკატები, იტყობინება „გერმანული ტალღა“.
ირანელი ქურთი მაჰსა ამინი, 2022 წლის სექტემბერში პოლიციამ დააკავა თეირანში ამ ქვეყანაში ქალებისთვის სავალდებულო თავსაფრის არასწორი ტარების გამო. დაკავებიდან მალევე მაჰსა ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 22 წლის ქალს სისხლის ჩაქცევა დაემართა. დაკავების შემსწრეთა თქმით, ის პოლიციელებმა სცემეს.
ამინის სიკვდილს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო, ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
უფლებადამცველების მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაიღუპა 500 ადამიანი, მათ შორის , 71 ბავშვი, ასეულობით პირი დაშავდა, 20ათასი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე დემონსტრანტს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიუსაჯეს.
სახაროვის პრემია, რომელსაც ევროპარლამენტი გასცემს ყოველწლიურად, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა.