განათლების სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი აკრიტიკებს “ოცნების” გადაწყვეტილებას

განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ.
მათ თქმით, “ოცნების” გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, რასაც ისინი წლების განმავლობაში ემსახურებიან.
“ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება.
ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე [29 ნოემბერი, 18:00 საათი] 180-მდე ადამიანი აწერს ხელს.
ხელმომწერთა სია განახლებადია.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ერთობლივი განცხადებებით გააკრიტიკეს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლებმაც.
ამავე თემაზე:
· გაუმართლებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება – თსუ-ს პროფესორთა ნაწილი
28 ნოემბერს, მ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მათ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული. გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, სპეცრაზმელები მიმდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს, ჯამში, დააკავეს 43 ადამიანი. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გარდა ამის,ა უწყების ცნობით დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომლიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ფაქტებზე გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით დაზიანებას გულისხმობს.
რაც შეეხება ჟურნალისტებს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე ჟურნალისტიდაშავდა. მათ შორის, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია დღესაც, 29 ნოემბერს.