საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხს მომდევნო 4 წელი არ დააყენებენ, “ძალიან სამწუხაროს და გულსატკენს” უწოდებს.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება “ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას და ასევე, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას”.
“ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია
მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: “საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე”. ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს სიტყვები წარმართავდა ჩემს მუშაობას აქ, როგორც ევროკავშირის ელჩის, ორი წლის განმავლობაში. მე ძალიან ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ჩვენი კარის გაღება.
ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, როგორც მე მესმის, და ასევე ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას. რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი თვალსაზრისით, ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია და გულსატკენია”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ. [პირველი არხის თარგმანი]