საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.
„დღეს ბატონ ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. იგი 20 წლის წინ, 40 წლის ასაკში, გახდა საქართველოს პრემიერი და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად ასეთი ხანმოკლე პერიოდისა, მან დიდი წვლილი შეიტანა ახალი საქართველოს აღმშენებლობის საქმეში და წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იგი ახალგაზრდობიდანვე დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდა და იმ დროის ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამდა.
ბატონი ზურაბის სახელს უკავშირდება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებაში აქტიური მონაწილეობაც. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ფაქტს და მიიჩნევდა, რომ ეს იყო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი, მაგალითი დემოკრატიული მმართველობის პერიოდში ორივე სუბიექტის თანაარსებობისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა, რაც სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვისაც შეიძლებოდა მაგალითის მიმცემი გამხდარიყო.
საუკეთესო ოჯახისშვილი, გონიერი, ღრმა და ფართო მასშტაბის მოაზროვნე, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული და წინმსწრაფი, ძლიერი და, რაც მთავარია, მაზიარებელი პიროვნება… ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს და სავანესა მართალთასა განუსვენოს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.