ომბუდსმენი: მივმართავთ საგამოძიებოს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტები

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას. მისი შეფასებით, პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს.
სახალხო დამცველი თავის განცხადებაში წერს, რომ მიმართა და მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან “შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა”.
სახალხო დამცველი, ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც მისივე სიტყვებით, მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი:
“მნიშვნელოვანია ამ ფაქტზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდეს დროული რეაგირება”.
“პირველადი შეფასებით 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება.
ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე.
სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
29 ნოემბერს პოლიციამ პარლამენტის მიმდებარედ გამართული საპროტესტო დემონსტრაცია დაშალა.
დაშავდა არაერთი ჟურნალისტი.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები და მათ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება.
სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერების თაობაზე.
დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
არიან დაშავებულები.
აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს, რომელიც პოლიციამ დაშალა.
პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.
ასევე არიან დაკავებულებიც – ჯერჯერობით დაკავებულ მოქალაქეთა რაოდენობა უცნობია.
ფორუმი