თბილისში, პარლამენტთან აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
პოლიციამ, სავარაუდოდ, გამოიყენა წიწაკის სპრეი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ერთ-ერთი მათგანი ტვ პირველთან ამბობს: „პოლიციელს ვეფარებოდი რომ ხელი არ დაერტყათ ამ პოლიციელისთვის და ამ დროს პოლიციელებმა შემასხეს“.
კადრებში ჩანს სულ მცირე, სამი დემონსტრანტი, რომელთაც სპეციალური საშუალებები შეასხეს სახეში.
სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება.
მცირე ხნით ადრე შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აქციები ამ დროისთვის მშვიდობიანია და შსს-ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს გამოხატვის უფლებაში, დემონსტრანტებს კი აქციის მშვიდობიანად გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
აქციის წინ ბევრი პოლიციელი დგას.
მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.