მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა – ესეც არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის თარიღზე გაწევრიანების თარიღი საერთოდ არ არის დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია არა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას.
„სრულიად საქართველო იყო საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევის მომსწრე, რაც დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. დღეს კი, იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან. მეტიც, ისინი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმიან თავს ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ.
ასევე, ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ. ყველას გვახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას, რათა ამით არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენა მოეხდინათ. მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, თუმცა, ამან ქართველი ხალხის არჩევანზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია. ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები.
ყველას გვახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას. თითქმის 2 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.
ახლა კი, ვხედავთ, რომ ამ ადამიანებმა კანდიდატის სტატუსი მოლაპარაკებების გახსნით ჩაანაცვლეს. მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. ესეც არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის თარიღზე გაწევრიანების თარიღი საერთოდ არ არის დამოკიდებული.
მთავარია არა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ უკრაინაზე და მოლდოვაზე გვიან დაიწო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან და უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, სამივე შემთხვევაში წარმატებას ამ ქვეყნებზე ადრე ან ამ ქვეყნების თანადროულად მიაღწია. იმასაც შეგახსენებთ, რომ მონტენეგრომ და სერბეთმა, შესაბამისად, 2012 და 2014 წელს გახსნეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა, ამას მათი ევროინტეგრაცია ოდნავადაც არ დაუჩქარებია. თურქეთს კი, ევროკავშირმა 2005 წელს გახსნილი მოლაპარაკებები 2016 წელს, საერთოდაც, შეუწყვიტა“,- განაცხადა კობახიძემ.
