პროკურორი აცხადებს, რომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს დაზიანებებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში არ განუცხადებია

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანატოლი გიგაურის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განმარტებით, ბრალდებულს დაზიანებებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში არ განუცხადებია.
პროკურორის თქმით, აღნიშნულ გარემოებებზე ბრალდებულმა დღეს ისაუბრა, ფაქტთან დაკავშირებით კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაწყებულია.
“საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ასევე, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები. ბრალდებულს ბრალდება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე აქვს, შესაბამისად, ამ ეტაპზე წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერი ფაქტობრივ საფუძველს მთლიანად ასაბუთებდა, ფორმალური საფუძვლები უკვე სასამართლო პროცესზე დავასაბუთეთ. ვიდეოჩანაწერი მოპოვებული და წარმოდგენილია, ასევე, საქმეშია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
ვადასტურებ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდებული უთითებს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გარკვეულ ქმედებებზე, ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა, მათ გამოძიება დაიწყეს.
ბრალდებულმა დღეს განაცხადა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მან უარი განაცხადა ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე, აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოების შესახებ ცნობილი დღეს გახდა, მანამდე არ დაუფიქსირებია საგამოძიებო ორგანოში”, – განაცხადა იაკობიძემ.
მისივე თქმით, ანატოლი გიგაურს წარსულში შემაკავებელი ორდერი ჰქონდა მამის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოწერილი.
ცნობისთვის, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ანატოლი გიგაურს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.