სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის აზრით, ახალი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურად შეიკრიბა.
„ერთადერთი უწყება, რომლისთვისაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, ვშრომობთ, არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ. შესაბამისად, მე არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის შეკრება იყო სრულიად ლეგიტიმური, კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად“, — განუცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
კონსტიტუციის მუხლი, რომელზეც ომბუდსმენი მიუთითებს, ამბობს:
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
„ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო“, — განაცხადა იოსელიანმა და დასძინა, რომ პარლამენტის რეგლამენტი ნორმატიული აქტების იერარქიაში კონსტიტუციაზე მაღლა ვერ იქნება.
რეგლამენტი აზუსტებს, რომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:
· ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში;
· ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
შესაბამისად, კონსტიტუციონალისტები მიუთითებენ, რომ პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაციის [შესაბამისად 15 დეპუტატის] საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეკრებილიყო მიუხედავად იმისა, მოიწვევდა თუ არა პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, მოესმინა ცესკოს თავმჯდომარის ანგარიში და შეექმნა დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისიები, თუმცა არ უნდა ეცნო დეპუტატების უფლებამოსილება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია პრეზიდენტის სარჩელი ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევის არგუმენტით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. ანალოგიური მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. ჯერ უცნობია, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად წარმოებაში მიიღებს თუ არა სარჩელებს. საქმის განხილვის ვადა 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
ლევან იოსელიანი თავად ესწრებოდა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რისთვისაც სახალხო დამცველის აპარატისვე თანამშრომლებმა გააკრიტიკეს.
„ყველა, ვინც დღეს ამ პროცესში იღებს მონაწილეობას, არღვევს კონსტიტუციას. ძალიან სამწუხაროა, სახალხო დამცველის, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, ამ პროცესში ხილვა“ – წერს მაკო არაბული, რომელიც როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, აპარატის თანამშრომელია.
მაკო არაბულის პოსტს გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატის მეორე თანამშრომელი მარიამ მოსეშვილიც.
„ასეთი თანამშრომლების და ღირებულებების გამო შევიყვარე ეს ინსტიტუტი 8 წლის წინ. ეტყობა ყველაფერში 8 წლის თავზე უწევს იმედების გაცრუების პიკი და დამშვიდობებაზე ფიქრი“, – წერს იგი.
ომბუდსმენის აპარატის მესამე თანამშრომელი, რომელმაც ასევე ღიად გამოხატა კრიტიკა დღევანდელი სხდომის მიმართ გიორგი ტყებუჩავაა.
„საქართველოს კონსტიტუციის დაცვა და პატივისცემა, ამა თუ იმ პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, ყოველი მოქალაქის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების ვალდებულებაა“, — დაწერა გიორგი ტყებუჩავამ.
