თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც

თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მასწავლებლები და აკადემიური სფერო წარმომადგენლები და რუსთაველის მეტროდან კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები ს მიტაცებას, ცენზურის დამწესებელ ჰომოფობიურ კანონს, პროტესტის მონაწილეების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობებს აპროტესტებენ.
ილიას უნივერსიტეტიდან მსვლელობის დაწყებამდე ლექტორებმა და მასწავლებლებმა ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს.
„26 ოქტომბრის არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მძლავრი და მჩაგვრელი ავტორიტარული რეჟიმი. რეჟიმის გაცხადებული მიზანია იერიში მიიტანოს აკადემიურ თავისუფლებაზე და აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეებზე.
ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო დროს განახორციელა (უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონები, მათი ასახვა სხვადასხვა მარეგულირებელ დოკუმენტებში, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში), „სუვერენიტეტისა” და „ტრადიციების” დაცვის სახელით, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ეს კანონები ზუსტად იმეორებს სა და უნგრეთის მაგალითებს, სადაც მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დამანგრეველი შედეგი უკვე გამოიღო. ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეებიდან განიდევნა კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, ბოლო მოუღო უნივერსიტეტების ავტონომიას და გაურკვეველი ვადით შეაჩერა ამ ქვეყნების დემოკრატიული განვითარება” – ნათქვამი იყო მანიფესტის ტექსტში. მასწავლებლებმა და ლექტორებმა მოითხოვეს ასევე აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
“არ დავუშვებთ ომარ ოკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, მათე დევიძის, ისაკო დევიძის და დავით წოწორიას თავისუფლებას აღკვეთას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების აღკვეთასთან შეგუებას ნიშნავს” – თქვეს ილიას უნივერსიტეტთან მსვლელობის დაწყებამდე.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, მმართველმა პარტიამ, უგულებელყო უმრავლესობის ნება და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მთავარი – არჩევანის თავისუფლება წაართვა. საქართველოს სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს, რომელიც ებრძვის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც სიტყვის, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლებაა.
ქართული კულტურა საფრთხეშია და მასთან ერთად საფრთხეშია თავად ქართული იდენტობაც. ამის კარგი ილუსტრაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიც. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით არ გავჩუმდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, დავიცვათ ადამიანის ძირეული უფლებები და ქართველი ხალხის არჩეული, ისტორიული ევროპული კურსი.
ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული კულტურა და იდენტობა – ვთხოვთ შემოგვიერთდეს“,- ეს კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებაა. ხელოვნების სხვადასხვა დარგის ასობით წარმომადგენელი თსუ-ში შეუერთდნენ პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
მსვლელობების გაერთიანების შემდეგ თსუ-ს ეზოში სიტყვით გამოსვლები დაიწყო. აქ შეკრებილი მოქალაქეები აპირებენ საღამოს 9 საათისთვის შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას, რომლის მონაწილეებიც აპირებენ ღამისთევას საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 25 ნოემბრის დილას მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრები გეგმავენ შეკრებას.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი და ის ოპოზიციური პარტიები, ვინც ბარიერი გადალახეს. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას სავარაუდოდ მხოლოდ “ქართული ოცნების” ახლადარჩეული დეპუტატები მიიღებენ. ამ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, 25 ნოემბერს შეზღდულია მედიის მუშაობაც პარლამენტში – უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით საკანონმდებლო ორგანოში დაიშვება მხოლოდ ტელემედია, ონლაინ მედიას, მათ შორის არც რადიო თავისუფლებას ამ დღეს პარლამენტში არ უშვებენ.
ს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში – 61 მანდატი აქვს.