ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სვანეთში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. საუბარია კრიპტოვალუტის მაინინგზე, რის გამოც რეგიონში ელექტროენერგიის არანორმალური მოხმარებაა. წინა კვირაში ამის გამო მესტიაში დენის მიწოდება შეწყდა, გუშინ კი მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მფგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა გამრიცხველიანება და გადასახადის დაწესებაა.
ციფრული ვალუტის აპარატების გამო, მესტიაში პრობლემა ყოველწლიურად მზარდია და სიტუაცია უკვე ჩიხშია შესული. გუშინ მოსახლეობამ ხაიშის გზა გადაკეტა და ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვეს. ამის პარალელურად კი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხალხს აფრთხილებს და მიმართავს, რომ მიაწოდონ ინფორმაცია იმ ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც ფლობენ კრიპტოვალუტოს მომპოვებელ აპარატებს.
“მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში, უკონტროლო კრიპტომაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ კრიტიკულად არის გაზრდილი და არსებობს ტრანსფორმატორის გადაწვის საფრთხე.
რადგან მოწოდებამ, ე.წ. ბიტკოინის აპარატების გამორთვის შესახებ, შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო, მოსახლეობას ვთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ ოჯახებზე, რომლებიც ფლობენ აღნიშნული აპარატებს. მოხდება იმ ადამიანების ვინაობის გასაჯაროება, რომელთა პირად ინტერესებსაც ეწირება დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობა!
მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება”, – ნათქვამია მესტიის მერიის განცხადებაში.
სვანეთში უკონტროლო მაინინგის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად სემეკს მომხმარებელთა ეტაპობრივი გამრიცხველიანება მიაჩნია. ეს ნაწილია იმ გეგმისა, რომელიც მარეგულირებელმა აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე მოამზადა.
„მარეგულირებელმა კომისიამ განაახლა 2020 წელს შემუშავებული გეგმა. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის ეტაპობრივი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული საკითხები, რათა საბალანსო მრიცხველებმა გვიჩვენოს სად არის გაზრდილი მოხმარება, შემდეგ უკვე გამანაწილებელი კომპანია ნახავსს გაზრდილი მოხმარების უკან რა დგას, რეალურად ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც ბიზნესს ეწევა, თუ ეს არის კრიპტომაინინგი.
დღეის მდგომარეობით გარკვეული შეზღუდვები უკვე არის მესტიის მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ქსელი და ქვესადგურები ვერ უძლებს დატვირთვას. აქედან გამომდინარე, ეს შეზღუდვები ეხება როგორც მაინინგს, ასევე ეხება მოსახლეობასაც, ამიტომ ხალხი, ბუნებრივია, გამოთქვამს წუხილს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ იძულებული ხდებიან მერე მაინინგის მფლობელები, რომ გამორთონ მათი მოწყობილობები ქსელიდან, სხვა შემთხვევაში შეფერხებებით მიეწოდება ელექტროენერგია მოსახლეობას“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „საქმის კურსში“.
ფაქტია, რომ არანაირი მოწოდება, გაფრთხილება და ხატზე დაფიცება არ ჭრის. ამიტომ ენერტეგიკოსები სხვა გზას ვეღარ ხედავენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ელექტროენერგიაზე გადასახადი უნდა დაწესდეს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი რთულად მოსაგვარებელი იქნება, მაგრამ რეგიონზე შეღავათიანი დამოკიდებულება არასწორია.
“ამ სიტუაციიდან ერთდაერთი გამოსავალი არის ის, რომ ელექტროენერგია ფასიანი უნდა გახდეს. ქვეყანაზე უფასო არაფერი არ არის და ეს რეგიონი რომ გამოვყავით და დენზე გადასახადი არ აქვთ, არ არის სწორი გადაწყვეტილება. ნამდვილად შეცდომაა და ამან წაახალისა ყველაფერი ის, რაც მესტიაში ხდება.
ცოტა სათუთი და მტკივნეული საკითხია, ამიტომ საჭირო იქნება სერიოზული მუშაობის ჩატარება და მოსამზადებელი ეტაპები საკანონმდებლო თუ ნორმატიული კუთხით. ყოველ შემთხვევაში, საკითხის ერთობლიობა იქნება დასამუშავებელი და უნდა მოგვარდეს.
არ ვამბობ იმას, რომ მესიტიაში ელექტროენერგიაზე განსაკუთრებული გადასახადი დაწესდეს. თუ შეღავათზეა საუბარი და გარკვეული დაზოგვითი დამოკიდებულება იქნება იქ მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, ეს შეიძლება იყოს საფასურის განახევრება, ანუ მისი გარკვეული დოზით შემცირება და ასეთ მიდგომებს სჭირდება სათანადო შეფასება.
საკითხი ძალიან რთულად მოსაგვარებელი იქნება, რადგან მესტიის მოსახლეობა უფასო ელექტროენერგიას მიეჩვია, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, რომ რადგან ენგურჰესი იქაა და ამიტომ რეგიონი შეღავათებით უნდა სარგებლობდეს, არ არის სწორი. ენგურჰესი მხოლოდ სვანეთისა და სამეგრელოს რეგიონის საკუთრება კი არ არის, არამედ მთელი საქართველოს საკუთრებაა, ამიტომ ეს საკითხი უნდა იხილებოდეს ქვეყნის საერთო ბალანსიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.
სხვათა შორის, ნაგებობა, ფაქტობრივად, განწირულია. მას ვექცევით მავნებლურად და ყოველ დღე ვაუარესებთ მისი მდგრადობის მაჩვენებლებს იმის გამო, რომ ექსპლუატაცია ხდება არასწორად. ესეც მოსაგვარებელია, რომ ფუნქცია, რომელიც აქვს ენერგეტიკულ ობიექტს, უნდა ჯდებოდეს შესაბამის პარამეტრებში და არა იმის მიხედვით, ვის რა მოუნდება და ვინ რამდენი ლარი უნდა იშოვოს მოგების ხარჯზე”, – ამბობნს ანზორ ჭითანავა და იმასაც დასძენს, რომ გადასახადი უნდა დაწესდეს, მაგრამ მოსახლეობას მისი გადახდა უნდა შეძლოს.
“რა თქმა უნდა, არავის არ ესიამოვნება გადასახადის შემოღება, რადგან ახლა უფასოდ მიეწოდებათ ელექტროენერგია და არავის სურს გადასახადის გადახდა.
საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ფასიანი უნდა იყოს, მაგრამ მოსახლეობას მისი გადახდის შესაძლებლობა ჰქონდეს. ამისათვის კი სათანადო პირობები უნდა შეიქმნას, უნდა იყოს სამუშაო ადგილები, ხელფასი, წარმოება და ა.შ. ასეთ პირობებში, მოსახლეობა წინააღმდეგობას არ შექმნის”, – აცხადებს ჭითანავა.
კრიპტოვალუტის მოპოვების გამო ელექტროენერგიის პრობლემა მესტიაში ახალი ამბავი სულაც არ არის. 2021 წელს მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს გათიშავდნენ, თუმცა ფაქტია, რომ საკუთარ სახლში გიგანტურ კომპიუტერებს მაინც ამუშავებენ.
ამ სიტუაციაში კიდევ ერთი ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი კონტროლირებადი უნდა იყოს.
“ეს პოლიტიკური მომენტი უფროა და არა ენერგეტიკული. დიდი ოდენობის ელექტროენერგია მიაქვს მაინერებს და გაუკონტროლებელი არ უნდა იყოს. იგივე ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. მათაც პრინციპში უფასოდ ვაწვდით ელექტროენერგიას და იქაც არის მაინინგების დიდი ოდენობა თავმოყრილი.
მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გაუკონტროლებელი არაფერი უნდა იყოს. სვანეთში შეთავათი აქვთ, არ იხდიან გადასახადს. ამის გამო უკვე დღეს შექმნილ სიტუაციამდე მივედით. სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა ხდებობდეს ანაზღაურება, თუკი მესტიაში გადასახადი დაწესდება ელექტროენერგიაზე”, – განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.