ლიეტუვას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები არა მხოლოდ „მესამე ქვეყნების“ მოქალაქეების მიერ, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მუშახელითაც ივსება. ლატვიის ლატგალეს რეგიონში უმუშევრობის რეკორდულად მაღალი დონის პირობებში, მისი მცხოვრებლები სამუშაოს ლიეტუვაში პოულობენ.
ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში მცხოვრები ალექსეი სოკოლოვი მშობლიური ქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ვასიგანისში (ლიეტუვა) არსებულ ავეჯის ქარხანა Visagino Linija-ში მუშაობს. ალექსეის თქმით, მის მშობლიურ მხარეში სამუშაოს შოვნა რთულია, ლიეტუვაში კი ბევრი ვაკანსია და უფრო მაღალი ხელფასია.
„მდგომარეობა ასეთია: ლატვიაში შეგიძლიათ იპოვოთ სამუშაო, მაგრამ მინიმალური ხელფასით, აქ კი მეტს იხდიან. მსგავს საქმეზე ადრეც მიმუშავია, ამიტომ აქ არ მიჭირს“, – განაცხადა მან ლიეტუვას ეროვნულ ტელე-რადიო მაუწყებელთან (LRT TV) ინტერვიუში.
ტატიანა ტრეტიაკოვაც ვისაგინასში დაუგავპილსიდან ჩავიდა. მისი თქმით, სამსახურს ლატვიაში ეძებდა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლაზეც კი ფიქრობდა. თუმცა, მან შეთავაზება ლიეტუვადან მიიღო და გადაწყვიტა, სახლთან ახლოს დარჩენილიყო.
„სამუშაო შეთავაზება [ლიეტუვაში] სოციალურ ქსელებში ვნახე. განაცხადის შევსებიდან ნახევარ საათში დამირეკეს და კარგი პირობები შემომთავაზეს“, – ამბობს ტატიანა.
„მხოლოდ ნახევარი თვეა ვმუშაობ და სრული ხელფასი ჯერ არ მიმიღია. იმედია, ანაზღაურება ისეთი იქნება, როგორიც შემომთავაზეს… ლატვიაში მინიმალური ხელფასი 700 ევროა. ლიეტუვაში ის უფრო მეტია. ძალიან მომწონს აქაურობა და მიხარია, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა არ მომიწია“, – დასძინა ტრეტიაკოვამ.
ავეჯის ქარხანა Visagino Linija-ში 700 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 10 პროცენტი ლატვიელია.
კომპანიის დირექტორის, ანდრიუს ლიცკანასის თქმით, ლატვიის მოსახლეობა დიდ დახმარებას უწევს დამსაქმებლებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიეტუვაში, რადგან ადგილობრივი შრომის ბაზარი უკვე ამოწურულია.
„შეკვეთები იზრდება, წარმოება ფართოვდება და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მეტი მუშახელია საჭირო. მაგრამ ადგილზე მისი დეფიციტია. ამიტომ, ძებნა მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს და რადგან ლატვიის საზღვართან ახლოს ვართ, ძიების რადიუსი, ცხადია, მეზობელ ქვეყანაზეც ვრცელდება“, – განმარტა ლიცკანასმა.
„ლატვიის დასაქმების სამსახურსაც შევეხმიანეთ და მათ ჩვენს მიმართ ინტერესი გამოხატეს. ასე დაიწყო თანამშრომლობა. ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია“, – აღნიშნა მან.
Visaginas-ში მომუშავე ლატვიელები მინიმალურ ხელფასზე მეტს იღებენ. კომპანიის მანქანები სამსახურში და უკან მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ლატვიელი მუშები იგივე შეღავათებით სარგებლობენ, როგორითაც ლიეტუველები.
„ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის დამატებითი დაზღვევა, რომელიც ლიეტუვაში მომუშავე ლატვიელებისთვის არის განკუთვნილი და ის ლიეტუველების დაზღვევის ანალოგიურია. ასევე გვაქვს საკუთარი სასადილო, სადაც კვების ხარჯებს კომპანია ანაზღაურებს, ტრენაჟორების დარბაზში კი ჩვენს თანამშრომლებს შეუძლიათ, სპორტით დაკავდნენ. ისინი ცვლაში მუშაობენ, ამიტომ სამსახურში ყოველდღე სიარული არ სჭირდებათ, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია“, – ამბობს Visagino Linija-ის კადრების განყოფილების მენეჯერი, ლინა კისლაია.
ვილნიუსის უნივერსიტეტის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორის, ალგირდას ბარტკუსის განმარტებით, დაუგავპილსი ლატვიის ლატგალეს რეგიონის ნაწილია, სადაც ხელფასები ძალიან დაბალია. გადასახადების გადახდის შემდეგ, საშუალო ხელფასი იქ 894 ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც ლატვიაში საშუალო ხელფასი 1213 ევროა.
„ამ რეგიონს ასევე ძალიან ცუდი უმუშევრობის სტატისტიკა აქვს. ლატვიაში რეგისტრირებული უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 5,1 პროცენტია, ლატგალეში კი – 10,3 პროცენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ლატვიის ძალიან ღარიბი რეგიონია და ბუნებრივია, ხალხს მისი დატოვება რომ სურს“, – აღნიშნა ბარტკუსმა.
ეკონომისტის თქმით, ლიეტუვაში სამუშაოდ ჩასული ლატვიელები, თავის ქვეყანასთან შედარებით, არა მხოლოდ გაცილებით მაღალ ხელფასს იღებენ, არამედ მაღაზიებში დაბალი ფასებითაც სარგებლობენ.
„ჩვენს მაღაზიებში ლატვიური პროდუქტები უფრო იაფია, ვიდრე თავად ლატვიის მაღაზიებში. ეს ნიშნავს, რომ აქ ხალხი არა მხოლოდ სამუშაოს პოულობს და უფრო მაღალ ხელფასს იღებს, არამედ აქვს შესაძლებლობა, იაფი ლატვიური პროდუქცია იყიდოს ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში ბრუნდება“, – ამბობს ბარტკუსი.
მისი პროგნოზით, ლიეტუვას შრომის ბაზარზე კიდევ უფრო მეტი ლატვიელი შემოვა, განსაკუთრებით – ლატგალეს რეგიონიდან.
„ჩვენ ვხედავთ, რამდენად ღარიბია ლატგალეს რეგიონი. ეს, ფაქტობრივად, სოციალური პრობლემაა მთელი ლატვიისთვის. ის ფაქტი, რომ ჩვენთან სამუშაო ადგილები იქმნება, საშუალებას გვაძლევს, ლატვიის ამ რეგიონში შექმნილი სოციალური პრობლემებიც გადავჭრათ“, – დასძინა ლიეტუველმა ეკონომისტმა.
წყარო: 1 არხი