რუსული მისია ჟენევაში სულ უფრო მეტ „ჯაშუშურ“ ანტენებს აყენებს

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTS) რეპორტაჟში ნათქვამია, რომ რუსი ჯაშუშები ჟენევაში პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. „რუსმა ოფიციალურმა პირებმა, თავიანთ დიპლომატიურ შენობებზე, კანტონის ნებართვის გარეშე, ახალი სატელიტური თეფშები დაამონტაჟეს“, – აცხადებს შვეიცარიის საზოგადოებრივი ტელევიზია.
გაერო-ში ს ფედერაციის მუდმივი მისიის შენობა ჟენევაში გაერო-ს შტაბ-ბინის მოპირდაპირედ მდებარეობს. რუსეთის დიპლომატიური კომპლექსი საიმედო დაცვის ქვეშ იმყოფება: მაღალი კედელი პერიმეტრის გარშემო, სათვალთვალო კამერები და შეიარაღებული დაცვა.
RTS-ის ცნობით, რუსული მისია, ოფიციალურად, დიპლომატიურია, მაგრამ რუსეთმა შენობაში მრავალი ჯაშუშური ანტენა, მოსასმენი მოწყობილობა და სატელიტური თეფში დაამონტაჟა, რომლებიც ქუჩიდან ძლივს ჩანს.
„ეს აშკარად ის ანტენებია, რომლებიც ჯაშუშობისთვის გამოიყენება. კლასიკური დიპლომატიური კომუნიკაციებისთვის ასეთი მოწყობილობა საჭირო არ არის. ეს ანტენები ელექტრონული და სატელიტური ჯაშუშობისთვის გამოიყენება“, – განუცხადა RTS-ს საიდუმლო სერვისების ექსპერტმა გრაცის უნივერსიტეტიდან, ისტორიკოსმა ადრიან ჰენიმ.
დღევანდელი და საარქივო სურათების შედარებისას, RTS-მა დაადგინა, რომ ეს სატელიტური თეფშები, ძირითადად, ახალი დამონტაჟებულია.
ჰენის თქმით, რუსეთი, როგორც ჩანს, შვეიცარიაში სადაზვერვო საქმიანობას აფართოებს: „ბოლო წლებში რუსეთი, ჯაშუშობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო აგრესიული გახდა. შვეიცარია არის ცხელი წერტილი, ერთგვარი ზურგი ევროპაში მოქმედი რუსი ჯაშუშებისთვის“.
ჟენევის კანტონის ტერიტორიულმა დეპარტამენტმა RTS-ს დაუდასტურა, რომ რუსეთის მისია არის დიპლომატიური სტრუქტურა, რომელიც პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დადგენილი შეღვათებით სარგებლობს. თუმცა, სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებული კანტონის წესები კვლავ ძალაშია. ამიტომ, 90 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე ნებისმიერი სატელიტური ანტენის დაყენება სპეციალურ ნებართვას ექვემდებარება. „2006 წლიდან რუსეთის მისიამ ერთი მოთხოვნა წარადგინა“, – ადასტურებენ რუსეთის მისიაში.
სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ლეგალური ანტენა 2006-2007 წლებში დამონტაჟდა. ერთი ახალი ანტენა 2006-2009 წლებში დაიდგა, კიდევ ერთი 2012 წელს დამონტაჟდა, კიდევ ორი ანტენა – 2024 წლამდე. ყველა მათგანის დიამეტრი 90 სმ-ზე მეტია.
საერთო ჯამში, ჟენევაში რუსეთის დიპლომატიური შენობების სახურავებზე, კანტონის ნებართვის გარეშე, ოთხი ანტენაა დამონტაჟებული. კანტონმა RTS-ს განუცხადა, რომ ფედერალური ხელისუფლების მიერ დაშვებული რაიმე გამონაკლისების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და, შესაბამისად, ოთხი ანტენა, სავარაუდოდ, უკანონოა.
გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები „რუსეთისა და რუსების თვითნებურად დემონიზების მორიგ მცდელობას“ წარმოადგენს და ამ განცხადებებს „კატეგორიულად არ ეთანხმება“.
„ჩვენი მისიის დიპლომატიური პერსონალი ორიენტირებულია მხოლოდ იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების შენარჩუნებაზე, რომელშიც ისინი საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობენ“, – ნათქვამია რუსეთის დიპლომატიური მისიის პრესსამსახურის განცხადებაში.
თუმცა, შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (FIS) თავის ოფიციალურ ანგარიშებში აცხადებს, რომ შვეიცარიაში რუსი დიპლომატების მესამედი (ანუ, შვეიცარიის ტერიტორიაზე მყოფი თითქმის 80 პირი) ჯაშუშია.
ბოლო წლებში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია შვეიცარიაში რამდენიმე ინციდენტის შესახებ, რომლებიც რუს აგენტებს უკავშირდება. კერძოდ, საუბარია შპიცში (ბერნის კანტონი) შვეიცარიის ზესაიდუმლო ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერჯაშუშობაზე. ფრანგული გაზეთის, „ლე მონდის“ ინფორმაციით, ჟენევასა და ანესს (საფრანგეთი) შორის დაფუძნებული რუსი ჯაშუშები ასევე ახორციელებენ დივერსიულ მოქმედებებს და მკვლელობის მცდელობებსაც კი დიდ ბრიტანეთში და აღმოსავლეთ ევროპაში.
წელს ბერნში თვითმარქვია რუსი დიპლომატი დააკავეს, როდესაც ის მართვადი საბრძოლო საშუალებებისა და ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობის დაუფლებას ცდილობდა.
უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ევროპულმა ქვეყნებმა რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ სხვადასხვა ზომა მიიღეს, რომელთა შორისაა ჯაშუშობაში ბრალდებული 600-ზე მეტი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება. შვეიცარიიდან დიპლომატების ან ფარული ჯაშუშების გაძევების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.
„ევროპელებმა პოლიტიკური ხასიათის თვალსაჩინო ზომები მიიღეს. შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური კი უფრო მეტად კულისებში მუშაობს“, – განმარტა ოქტომბერში FIS-ის დირექტორმა, კრისტიან დუსიმ.
„ჩვენ უმოქმედოდ არ ვართ. პირიქით, ქმედებები უფრო გავააქტიურეთ. ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, შვეიცარია უფრო აგრესიული გახდა“, – განაცხადა მან.
თუმცა, შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესაძლებლობები შეზღუდულია და მას პრიორიტეტების შერჩევა უწევს. უწყებაში, საერთო ჯამში, 420-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომელთაგან 60-მდე კონტრდაზვერვით არის დაკავებული, მაშინ როდესაც შვეიცარიაში ჯაშუშის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნებისთვის 10-დან 15-მდე აგენტია საჭირო.
2024 წლის ანგარიშში FIS-მა აღნიშნა: „შვეიცარია რჩება ჯაშუშობისა და სხვა სადაზვერვო საქმიანობის მთავარ ადგილად. ამაში გარკვეულ როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ ჯაშუშობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები რესურსი გაგვაჩნია“.
წყარო: 1 არხი