“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” პროექტების მენეჯერის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ კანადის ვიზა ვერ მიიღო. ამის შესახებ იგი ფეისბუკზე ავრცელებს ინფორმაციას.
“ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ (სადაც ახლა იმართება ასამბლეის სესია) ვიზებზე უარი უთხრა”, – დაწერა გიორგი კანდელაკმა.
მას მალევე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა. მისი კომენტარი ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წილოსანი “ტყუილსა და დეზინფორმაციას” უწოდებს გიორგი კანდელაკის მიერ გავრცელებულ ცნობებს.
“ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა გიორგი კანდელაკმა, არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მე ვარ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში და შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს დელეგაციის წევრებს მიღებული აქვთ კანადის ვიზები. ამის შესახებ პირადად შემატყობინა კანადის საელჩოს წარმომადგენელმა. დღეს მქონდა მისგან სატელეფონო ზარი. დამიდასტურა, რომ ვიზები გაცემულია და, შესაბამისად, მსგავსი არასწორი და დეზინფორმაციული ტყუილის გავრცელება რატომ შეიძლება შედიოდეს მის ინტერესებში, საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის გასაგები…”, – ციტირებს “ტვ იმედი” ხატია წილოსანს.
ნატოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა კანადაში, მონრეალში იმართება. იგი 22 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.
წყარო: რადიო თავისუფლება