თუ ფლობთ სასტუმროს ან ტურისტულ სააგენტოს, მართავთ რესტორანს ან მარანს, საქმიანობთ საავიაციო სფეროში, ფიქრობთ ტურისტული საწარმოს შექმნაზე ან უბრალოდ, ამ სფეროთი გატაცებული ხართ, მაშინ 6-7 დეკემბერი თქვენს კალენდარზე აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ამ დღეებში ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიება – საქართველოს ტურიზმის სამიტი გაიმართება და ასობით სტუმარს უმასპინძლებს. ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ რა დაგხვდებათ „ტურისტერზე“ – საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტზე.
რა არის „ტურისტერი“?
ტურისტერი ყოველწლიური სამიტია, რომლის მიზანი ამ სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. იგი ყოველწლიურად აერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა დარგიდან და დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მსოფლიო და ადგილობრივ ტენდენციებს, ანალიტიკურ მიმოხილვებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას ტურიზმის სფეროში უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.
სამიტი პასუხს სცემს მთავარ შეკითხვას: როგორია ტურიზმის ხვალინდელი დღე?
სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ტურიზმის სფეროს წამყვან სპიკერებს, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს, მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის თემაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე გამართულ განხილვებში.
ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წამყვანი სპეციალისტებიც.
ტურისტერი 2024-ის თემატიკა და სპიკერები
წლევანდელი ტურისტერი ფოკუსირებულია სამ ძირითად საკითხზე, ესენია:
· ტექნოლოგიები ტურიზმში: თანამედროვე გადაწყვეტილებები და მომავლის ინოვაციები;
· მდგრადობა: მწვანე და ლურჯი ეკონომიკა;
· წინსვლა: პიროვნული და პროფესიული ზრდა მომავალი მზაობისთვის.
სამიტი კი გამორჩეულია იმით, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები. მათ შორის არიან:
· ჯეიმს კინერსლი – AirDNA-ს გაყიდვების დირექტორი და უძრავი ქონების მართვის მენეჯერი;
· ივან პოლტორაცკი – Amadeus-ის უფროსი მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში;
· მარინა ბეგლეცოვა – Booking.com-ის რეგიონული მენეჯერი და სხვები.