ხატია წილოსანი საქართველოს დელეგაციისთვის კანადის ვიზებზე უარის თქმის შესახებ გიორგი კანდელაკის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ხატია წილოსანი საქართველოს დელეგაციისთვის კანადის ვიზებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ხატია წილოსანი ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ ვიზებზე უარი უთხრა.
წილოსანის თქმით, საქართველოს დელეგაციის წევრებს მიღებული აქვთ კანადის ვიზები.
„ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა გიორგი კანდელაკმა, არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მე ვარ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში და შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს დელეგაციის წევრებს მიღებული აქვთ კანადის ვიზები. ამის შესახებ პირადად შემატყობინა კანადის საელჩოს წარმომადგენელმა. დღეს მქონდა მისგან სატელეფონო ზარი. დამიდასტურა, რომ ვიზები გაცემულია და შესაბამისად, მსგავსი არასწორი და დეზინფორმაციული ტყუილის გავრცელება რატომ შეიძლება შედიოდეს მის ინტერესებში, საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის გასაგები. და საერთოდ ასეთი ტიპის სიხარული, თუნდა ისე ყოფილიყო, რომ დელეგაციას ვიზა არ ჰქონოდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება რომ არის ამაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება.
ყველანაირად ცდილობენ დააზიანონ საქართველოს იმიჯი და ინტერესი. ამიტომ ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ინფორმაციები კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მათ განწყობებზე და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უკეთესი შესაძლებლობა ასეთი ტყუილების გამომჟღავნების შემდეგ შეაფასონ და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს პროგრესი და ქვეყანამ მაქსიმალურად უკან დაიხიოს განვითარების იმ გზაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. მათი განცხადებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კანადამ ნამდვილად მოგვცა ვიზები. ჩვენ და საქართველოს დელეგაციას მიღებული აქვს ვიზები“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა „იმედინიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ ვიზებზე უარი უთხრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს