შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ იქნებიან, რადგან თავად არ მოუწვევია

პარლამენტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ მას მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა.
„[მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე] მოწვევები უკვე დავგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები. ეს გახლავთ ჩვენი შიდა, სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებსა და პარლამენტის პირველ სხდომას. მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის. ჩვენ ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქართული საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები. ეს არის ზოგადი მიდგომა, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტს ჰქონდეს. საქმე გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან კონსტიტუციური ორგანოების, პარლამენტის წევრები, მთავრობა. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.