რანიერი კვარაცხელიას განეიტრალებაზე ბევრს იფიქრებს – მთავარი მატჩი რომში და არშემდგარი ქართული დუელი იტალიაში

“ნაპოლი” მე-13 ტურს ლიდერის რანგში შეხვდა, მაგრამ რადგანაც გვიან თამაშობს, ლიდერობის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს. ნეაპოლელები კვირას, 24 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:00 საათზე, საკუთარ მოედანზე “რომას” მიიღებენ, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, უკვე მეორე მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ აქ დიდი ფიგურა, კლაუდიო რანიერი მივიდა.
რანიერი ბოლოს “კალიარიში” იყო. “ნაპოლის” მათთან რთული დაპირისპირებები ჰქონდა. რაც შეეხება რომაელებთან დუელებს, სა და ჟოზე მოურინიოს კადრი მართლაც ისტორიულია; იყო ოსიმენისა და პოლიტანოს გაძევება და დედაქალაქელების ტრიუმფი. როცა “კვარამ” მათთან “სტადიო ოლიმპიკოზე” პირველად ითამაშა, მისმა გუნდმა (1:0) გაიმარჯვა
(ამ სტადიონზე ქართველმა ლაციოს კარი აიღო), შემდეგ იყო “მარადონაზე” ჩვენებურის მაგარი პასი და ოსიმენის არანაკლები გოლი. ნეაპოლში გუნდებმა ბოლოს უხვგოლიანი ფრე (2:2) ითამაშეს, როცა მოწინააღმდეგეებს უკვე დე როსი თავკაცობდა.
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ანტონიო გუნდისთვის მოხდეს, სკოტ მაკტომინეის ვერთამაშია. შოტლანდიელს ფეხის ტრავმა აქვს და მისი გამოყენება საეჭვოა. თავის მხრივ, რომაელებს კუნთის პრობლემის გამო პაოლო დიბალა აკლიათ.
კვარაცხელია და მოურინიო
კვარაცხელია (5 გოლი, 2 საგოლე პასი) უკრაინელ ფორვარდ დოვბიკს მოკლე დროში მეორედ დაუპირისპირდება. რომაელთა ბოლო მატჩში უკვე ვეტერანმა “ფარაონმა”, ელ შაარავიმ დუბლი შეასრულა და რანიერის მისი იმედი ექნება. ამასობაში, 23 წლის ფრანგი საყრდენი კონე ნაკრების მნიშვნელოვან წევრად ყალიბდება.
რანიერი 4-მცველიანი ტაქტიკის მოყვარულია, შესაბამისად, ცვლილებებს აქაც ველით. იქნებ სასტარტოში მატ ჰუმელსმ ითამაშოს. კვარაცხელიას წინააღმდეგ თურქ ჩელიკს ველით, რომელსაც ნახევარმცველებიც აქტიურად დაეხმარებიან, მათ შორის ლეანდრო პარედესიც. 77-ე ნომრის განეიტრალებაზე რანიერი ბევრს იფიქრებს.
რომელუ ლუკაკუმ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თავი ვერ გამოიჩინა, ისრაელთან კი ბელგიელთა რიგებში საერთოდ არ ყოფილა. ვნახოთ, ის როგორ ითამაშებს, ფაქტია, კონტეს მისი ძალიან ეიმედება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ მატჩში იტალიის ნაკრების სამკაციან დაცვაში დი ლორენცომა და ბონჯორნომ ითამაშეს. ბელგიას აჯობეს, საფრანგეთთან კი (1:3) წააგეს. ვნახოთ, კონტე ამ ფორმაციას რამდენად გამოიყენებს.
მატჩის მთავარი მსაჯი 43 წლის დავიდე მასა იქნება. მან “რომას” შეხვედრა ბოლოს 20 ოქტომბერს, “ინტერთან” (0:1) განსაჯა, მანამდე ცოტა უფრო ადრე გურამ კაშიას “სლოვანისა” და “სიტის” არბიტრი იყო, გასულ სეზონში კი “ნაპოლის” 4 შეხვედრას მოემსახურა.
კვერნაძე ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობს (სერიაში თერთმეტმეტრიანი გაიტანა)
იმედია, საბა გოგლიჩიძე, რომელმაც ჯერ დისკვალიფიკაცია მოიხადა, შემდეგ კი ტრავმა
მიიღო, დაბრუნდება, მისი “ემპოლი” კი სერია “ა”-ში “უდინეზეს” ორშაბათს (21:30 სთ) უმასპინძლებს. რაც შეეხება სერია “ბ”-ს, ლუკა ლოჩოშვილის (დისკვალიფიკაცია აქვს) “კრემონეზე” გიორგი კვერნაძის “ფროზინონეს” კვირას, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუხვდება.