„თუ სხვადასხვა კომპანიაში ბიზნეს გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს – ეს გვაძლევს საშუალებას დღგ-ს გადამხდელად დავარეგისტრიროთ“ – ლევან დგებუაძე
როგორც კი ვინმეს გაუჩნდება სურვილი, რომ ბიზნესი დაყოს და ჩვენ ამას გავიგებთ, აუცილებლად გავაერთიანებთ მათ და როდესაც მათი ჯამური ბრუნვა 100 000 ლარს გადააჭარბებს, დავაყენებთ დღგ-ს გადამხდელად – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ყველა ასეთი ფაქტი შესწავლილი უნდა იყოს.
“დღგ-ს გადასახადის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშობა, თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის ბრუნვა 100 000 ლარს აღემატება. ამ გადასახადის თავიდან აცილების მიზნით, პრაქტიკაში ხდება ასეთი რამ, რომ როდესაც ბრუნვა მივა 100 000 ლარამდე – კომპანიები საქმიანობას აჩერებენ, არეგისტრირებენ ფორმალურად ახალ კომპანიას და ამ დროს ახალ კომპანიას იგივე პიროვნება მართავს. შემდეგ ეს ახლად შექმნილი კომპანიაც სანამ 100 000 ლარს გადააჭარბებს წყვეტს მუშაობას და კიდევ ახალ კომპანიას არეგისტრირებენ. ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. საგადასახადო კანონმდებლობის ახალმა ჩანაწერმა მოგვცა საშუალება ერთ პირად განვიხილოთ, დავაჯამოთ მათი 12 თვის ბრუნვა და დღგ-ს გადამხდელად დავარეგისტრიროთ, როგორც პირველი, ისე მეორე პირი.
მოქალაქეები ოჯახის წევრებს ინდ.მეწარმედ არეგისტრირებენ, რომ თითქოს ის არის ამათუ იმ კომპანიის დამფუძნებელი და ამით, დამოუკიდებლობას ფორმალურად აჩვენებენ. თუ ერთი და იგივე პირი იღებს ნებისმიერ ბიზნესგადაწყვეტილებას – ეს გვაძლევს საშუალებას განვიხილოთ ერთ დასაბეგრ პირად”, – აცხადებს ლევან დგებუაძე.
bp.ge