ვაშინგტონის ცნობით, უკრაინაში მდებარე შეერთებული შტატების საელჩო 21 ნოემბერს კვლავ გაიხსნა და მუშაობა ჩვეულებრივ განაახლა. კიევში საელჩო წინა საღამოს მას შემდეგ დაიხურა, რაც უკრაინის დედაქალაქში რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას ელოდნენ. მანამდე, 19 ნოემბერს უკრაინამ პირველად გამოიყენა ამერიკული შორი რადიუსის “ატაკამსის” ტიპის რაკეტები რუსეთის შიგნით იარაღის საწყობებზე იერიშის მისატანად.
რუსეთმა ამერიკული რაკეტებით თავდასხმას 1000-დღიანი ომის ესკალაცია უწოდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვა კი იტყობინებოდა, რომ რუსეთი მოსალოდნელი მასშტაბური იერიშის თაობაზე ყალბი ონლაინ შეტყობინებების გავრცელებით, მოსკოვი პანიკის დათესვას ცდილობდა.
“საელჩომ განაახლა მომსახურება… ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ შეერთებული შტატების მოქალაქეებისადმი მოწოდებას, დარჩნენ ფხიზლად, თვალი ადევნონ ოფიციალურ უკრაინულ წყაროთა მიერ გავრცელებულ სიახლეებს და მოემზადონ თავშესაფარში წასვლისთვის, თუკი საჰაერო განგაში გამოცხადდება“, – დაწერა სოციალურ ქსელზე X ბრიჯიტ ბრინკმა, შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში.
კრემლს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თქვა, რომ მსგავსი “პანიკის გამომწვევი შეტყობინებები მხოლოდ რუსეთს ეხმარება“. თუმცა, უკრაინის ლიდერმა იქვე გააფრთხილა უკრაინელები, რომ ყურადღება მიაქციონ საჰაერო თავდასხმის თაობაზე გავრცელებულ ოფიციალურ გაფრთხილებებს.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ახალი $275 მილიონი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომლის თაობაზეც განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. დახმარება ძირითადად ფოკუსირებულია საბრძოლო მასალის, თვითმფრინავების და რაკეტების მიწოდებაზე.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ზუსტად მე-1000 დღეს, მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთს ამერიკული “ატაკამსებით” შეუტია, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა. ამ ნაბიჯით მოსკოვმა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობები გააფართოვა.
შესწორებული დოკუმენტის მიხედვით, “ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას, რომელშიც ბირთვული სახელმწიფოც მონაწილეობს, ან ამ აგრესიას მხარს უჭერს, კრემლი განიხილავს, როგორც მათ ერთობლივ თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე“. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვს ფაქტობრივად შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მაგალითად, უკრაინის წინააღმდეგ, თუკი ის რუსეთის ტერიტორიაზე რაკეტებითა და თვითმფრინავებით მიიტანს იერიშს.