იურისტ ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურას მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებას ეხება.
როგორც ბესელიამ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,
„მთავარი კითხვა იყო ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ვსაუბრობ, რომ არჩევნები გაყალბდა და გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდი. მკითხეს, რა მეთოდები იყო ეს. დავასახელე ყველა მეთოდი, დაწყებული პირადობის მოწმობების გაყალბებით, დამთავრებული „კარუსელებით“, ხმის მიცემის პროცედურისა და ფარულობის დარღვევით, რომელიც უბნების 90%-ს შეეხება. ასევე, იყო ქვეყნის გარეთ მოქალაქეების უფლებების შეზღუდვისა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის [ფაქტები]. კონკრეტული ოლქები და უბნები დავუსახელე, ასევე ვუთხარი, რომ მასალა ძალიან დიდია, რომ გაყალბების შესახებ ინფორმაციები აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს – „ჩემი ხმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“…. მინდოდა ოქმში ჩაწერილიყო, რომ არსებობს ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიერ მომზადებული ბოლო რამდენიმე გადაცემაც, სადაც კონკრეტული პირები ადასტურებენ, რომ ჩამოართვეს პირადობები, ფული გადაუხადეს. ასევე დავაფიქსირე, რომ ამ პირების უშუალო დაკითხვა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათ შეეხოთ ეს გაყალბების ფაქტები. ეს იყო პროცედურა. ეს დოკუმენტები დაურთეს.
კიდევ ერთი დოკუმენტი, რაც დავუტოვე და სხვათა შორის ძალიან კარგი სქემაა გაშიფრული და რომელიც მომაწოდეს მონაწილე პარტიებმა, მასში ჩანს, რომ საარჩევნო კომისიებში ერთმანეთთან დაკავშირებული პირები, დედა-შვილი, მამა-შვილი, და- ძმა არიან კომისიის წევრები. პირები ნეიტრალურობის პრინციპით რომ უნდა იყვნენ დანიშნული, აქ ყველა ამ პრინციპის აშკარა დარღვევაა. თუ ინტერესი ექნება პროკურატურას, გამოიძიონ. ძალიან კორექტულად წარიმართა პროცესი და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც შემიძლია პრეტენზია გამოვთქვა. რაც მიზანიც მქონდა, ის შევასრულე“, – განაცხადა ბესელია.
ამასთან, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში იკითხა, არიან თუ არა დაკითხული დამკვირვებლები და უშუალოდ ვისგანაც არსებობს ინფორმაცია არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე, რაზეც პროკურატურაში უპასუხეს, რომ ჯერ ყველა არ არის დაკითხული და დღეს არის რამდენიმე პირი გამოძახებული.