მერაბ ტურავა – პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება – განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელებს სავარაუდოდ გაერთიანებს.
ტურავას განმარტებით, ერთი სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, ხოლო მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა.
მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა და ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმალური ვადა ერთი თვე აქვს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია ორი სარჩელი. ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/5-ის ავტორობით. ერთი სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე კანონის განსაზღვრულ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, მეორე სარჩელი ფოსტით გამოიგზავნა და გუშინ [საკონსტიტუციო სასამართლოში] შემოვიდა. საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს. ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში დაადგენს ხარვეზი ხომ არ აქვს სარჩელს. ამის შემდგომ აღნიშნულ სარჩელსაც დაარეგისტრირებს.
რაც შეეხება სარჩელების გაერთიანებას, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად შემოვიდა, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე შინაარსობრივად ისინი თითქმის ერთმანეთს ემთხვევა, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მათი ცალ-ცალკე განხილვა. აღნიშნული სარჩელები ჯერ გაერთიანებული არ არის, რადგან მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა.
რაც შეეხება ვადებს, ორივე სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, ორივე სარჩელი ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს.
ჩვენ დღის მეორე ნახევარში ვიკრიბებით და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება დროით ამ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ამაზეც დღეს შევთანხმდებით.
მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე, ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს. ერთი დღიდან ერთ თვემდე, ანუ როდესაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, უკვე იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა, შესაბამისად, როდესაც მზად იქნება პირველი ეტაპი, იმ დროს უკვე ის აქტი, რომელიც იქნება სასამართლოს მიერ მომზადებული გამოქვეყნდება.
ამ შემთხვევაში, არავითარი დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის. იმიტომ, რომ ეს საკითხი ისედაც კანონმდებლობიდან გამომდინარე არის დაჩქარებული“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
გარდა ამისა, ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შესაძლო შეკრების საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხო საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი არ არის.
„რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან დაყენებული არ არის. ამ საკითხზე მე განმარტებას არ და ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი განხილვის საგანი არ არის“, – აღნიშნა ტურავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას ეხება – ფარულობა და საყოველთაობა.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო ს არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა მიმართა.