საქართველოს შეუძლია, იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით – გენადი არველაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
მინისტრის მოადგილე მიესალმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, გარდა ამისა, განხილული იქნება ისეთი კრიტიკული საკითხები, როგორიცაა ანტიდემპინგური პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, მომხმარებლის უფლებების დაცვა ელექტრონული კომერციის სექტორში და სხვ.
თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველო გადაიქცა ქვეყნად, რომელსაც შეუძლია, იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით. გარდა ამისა, ამ კუთხით, საქართველო მოწინავეა სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორისაც. „განსაკუთრებით ბოლო წლებში, ჩვენ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით არაერთი ახალი რეგულაცია მივიღეთ, რომლის შედეგადაც ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებით ევროპულთან მნიშვნელოვნად დაახლოვდა. ეს პროგრესი აღინიშნა გაფართოების ანგარიშშიც,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მომხმარებელი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. „ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ისეთი ბაზარი, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეეძლება ძლიერი კონკურენციის შედეგად ისარგებლოს ხარისხიანი პროდუქტებითა და მომსახურებებით ხელმისაწვდომ ფასებში. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველო გადაიქცა იმ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით,“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.
კონფერენციის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ბიზნეს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს