ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 21 და 22 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
„კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე მონაკვეთს.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“- ნათქვამია ინფორმაციაში.