აქეთ მხარეს დგას ხელისუფლება, თქვენს უკან დგანან თვითმარქვია ადამიანები, რომლებსაც არანაირი უფლება არ აქვთ, ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვათ, – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მდგარ სამართალდამცველებს, რომლებმაც აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირიდან გამოიყვანეს.
ვაშაძემ პოლიციას „40-წუთიან გონივრულ ვადაში“ დაშლისკენ მოუწოდა.
“რატომ დგახართ ერთ ადგილზე? ჩვენ მეტნი ვართ აქეთ, ვიდრე თქვენ, ამიტომ, გთავაზობთ, დაიშალოთ ახლა, ტყუილად არ დაიღალოთ და მერე, დანარჩენი ვნახოთ, როგორ იქნება. ან გვითხარით, რას აპროტესტებთ. ჩვენ ვაპროტესტებთ მიტაცებულ არჩევნებს. არჩევნები ახლიდან ჩაინიშნება და აქეთ მხარეს დგას ხელისუფლება, თქვენს უკან დგანან თვითმარქვია ადამიანები, რომლებსაც არანაირი უფლება არ აქვთ, ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვათ. ამიტომ, გვაინტერესებს, თქვენ რას აპროტესტებთ, ემორჩილებით ხელისუფლებას, რომელიც აქეთ მხარეს, ხალხშია თუ თვითმარქვია ადამიანებს, რომლებიც თავის თავს გადაწერილი შედეგებით უწოდებენ ჯერ კიდევ ხელისუფლებას. აპირებთ თუ არა დაიშალოთ? რადგან ჩვენ მეტნი ვართ, არ გაქვთ გზის დაკეტვის უფლება, 15 წუთში იქნებ შეგვატყობინოთ პასუხი. ჩვენ უფრო კეთილები ვართ, ვიდრე თქვენ, შემიძლია მოგცეთ 40 წუთი“, – მიმართა ვაშაძემ სამართალდამცველებს.