ირანელი სტუდენტი ქალისთვის, რომელმაც თეირანის უნივერსიტეტის წინ ხალხში გაიხადა ტანსაცმელი სავარაუდო პროტესტის ნიშნად, ბრალდებები არ წაუყენებიათ. ამის შესახებ სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა და დასძინა, რომ ქალი საავადმყოფოდან გაუშვეს და მშობლებს გადასცეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ [ქალი] საავადმყოფოში მოათავსეს და ავადმყოფობა დაუდგინეს, ის გადასცეს ოჯახს, რომელიც ამჟამად უვლის მას,“ თქვა ირანის სასამართლოს წარმომადგენელმა ასღარ ჯაჰანგირმა 19 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ „ამ სტუდენტის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა“.
არ არის ნათელი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქალის საქმე დახურულია.
ლაპარაკია აჰუ ბაჰარიზე, თეირანის აზადის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და კვლევის განყოფილების სტუდენტზე. მან 2 ნოემბერს ხალხში გაიხადა ტანსაცმელი, როგორც ჩანს, პროტესტის ნიშნად და ამის შემდეგ ის მალევე დააპატიმრეს.
თუ რატომ გაიხადა ქალმა ტანსაცმელი, კვლავაც გაურკვეველია, მაგრამ მოწმეები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის უშიშროების წარმომადგენლებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს ტანსაცმლის გამო, რომელიც მას ეცვა.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ უშიშროების წარმომადგენლები ძალით სვამენ უცნობ ქალს მანქანაში. სოცქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში შეშფოთება წარმოშვა ქალის უსაფრთხოების თაობაზე. მათ დაგმეს ქალის მიმართ მოპყრობა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.