“ბორჯღალოსნები” 2024 წლის ბოლო შეხვედრას საკუთარი გულშემატკივარის წინაშე, 24 ნოემბერს ტონგასთან გამართავს. “მიხეილ მესხზე” თამაში 18 საათზე დაიწყება.
ტონგას ბოლოს 6 წლის წინ, 2018 წელს ვეთამაშეთ, მაშინაც 24 ნოემბერს წლის დასკვნით შეხვედრაში და “მიხეილ მესხზე” 20:9 დავამარცხეთ. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება, საიდანაც საქრთველომ 5-ში გამარჯვება მოიპოვა.
კუნძულელებთან ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს. მაშინ “ბორჯღალოსნები” ტონგას მსოფლიო თასის საგზურისთვის შეხვდნენ და პირველი მატჩი ნუკუალოფაში 6:37 დათმეს. სამი კვირის თავზე “დონამოზე” რევანში შედგა, მაგრამ საქართველომ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით,
28:27 გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში მსოფლიო თასზე ტონგა გავიდა, საქართველოს დებიუტი კი 4 წლით გადაიდო.
კუნძულელებთან მორიგ თამაშამდე მთელი 15 წელი გავიდა და მორიგი დაპირისპირება 2014 წელს შედგა. ტონგასთან პირველი ტესტ-მატჩი “მიხეილ მესხზე” გაიმართა და სტუმრებმა დამაჯერებლად, 23:9 მოიგეს. ეს იყო მათი მეორე და ბოლო გამარჯვება საქართველსთან. უკანასკნელ 10 წელიწადში “ბორჯღალოსნები” ტონგას კიდევ 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხივეში გაიმარჯვეს.
მთავარი დაპირისპირება 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა. საქართველომ ტონგა ინგლისში, გლოსთერში 17:10 დაამარცხა და იმ მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგი (ორი გამარჯვება) აჩვენა. 2016 და 2018 წლებში ტონგას ორჯერ ვეთამაშეთ ფიჯიზე, სუვაში და ორივეჯერ გავიმარჯვეთ – 23:20 და 16:15. 2018 წელს ტონგა საპასუხოდ თბილისში გვეწვია და მასთან ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით, 20:9 გავიმარჯვეთ.
განვლილ 7 თამაშში “ბორჯღალოსნებმა” გაიტანეს 11 ლელო და 119 ქულა, თავად კი 17 ლელო და 141 ქულა მიიღეს.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში გუნდებმა უკვე ორ-ორი თამაში გამართეს და ჯერჯერობით გამარჯვების გარეშე არიან. ტონგას ჯერ რუმინეთმა სძლია 25:15, მერე კი აშშ-მ 36:17.
Rugby.ge