აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, ს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომას. როგორც აფხაზეთის ე.წ “პარლამენტის” (სახალხო კრების) თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ განაცხადა, დღის წესრიგში ერთი საკითხი იყო – ბჟანიას გადადგომის განცხადება.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31 “დეპუტატმა”, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა 28 “დეპუტატმა”, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
“რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას “ვიცე-პრეზიდენტი” ბადრა გუნბა შეასრულებს. “პრემიერ-მინისტრის” პოსტზე “პარლამენტის ყოფილი სპიკერი” ვალერი ბგანბა დაინიშნა.
სოხუმში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.