უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და წარმატებით გაანადგურეს სამიზნე.
ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ და „რბკ-უკრაინა“ ინფორმირებულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.
წყაროს თანახმად, გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტა ბრაიანსკის რეგიონში, ქალაქ კარაჩოვთან ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტს მოხვდა.
“მართლაც პირველად გამოიყენეს ATACMS-ი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. სარაკეტო იერიში განხორციელდა ბრიანსკის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე, რომელიც წარმატებით განადგურდა”, – თქვა წყარომ.
უნდა აღინიშნოს, რომ კარაჩოვი მდებარეობს ბრიანსკის მახლობლად და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კმ-ში.
ტელეგრამის არხ “ასტრას” ცნობით, 19 ნოემბრის ღამით ამერიკული რაკეტით დარტყმა განხორციელდა რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 67-ე არსენალზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ძლიერი ხანძრის ამსახველი ვიდეოები.
არსენალში, სავარაუდოდ, ინახებოდა საარტილერიო საბრძოლო მასალა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული ჭურვები. გარდა ამისა – რეგულირებადი საჰაერო ბომბები, საზენიტო რაკეტები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საბრძოლო მასალა.
17 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემებმა, მათ შორის New York Times-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, ATACMS-ების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამერიკულ რაკეტებს უახლოეს დღეებში გამოიყენებდნენ.