გამოცემა რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების სანქცირებას ევროკავშირის ქვეყნებიდან უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ხოლო ბულგარეთი და იტალია “ეჭვს გამოთქვამენ”.
“[საქართველოს] საკითხზე ცალსახა გადაწყვეტილება არ მიღებულა. იყო ფართო დისკუსია”. – რადიო თავისუფლების ცნობით, თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ.
“ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს”. – გამოცემის ინფორმაციით, თქვა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარიკ ეშტოკმა.
ამჟამად უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას გამარჯვება მიულოცა.
ამასთან, ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებას გერმანია ეწინააღმდეგება.
გუშინ, 18 ნოემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ საქართველოს არჩევნების არალეგიტიმურობის დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან მისაღებ ზომებზე ბლოკში კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება.
“შესაძლებელია თუ არა გვქონდეს კონსენსუსი ევროკავშირში ამ საკითხზე – რთული სათქმელია. მე მაქვს შეგრძნება, რომ ეს რთული იქნება. მათ შორის სანქცირება. არ არსებობს მარტივი გზა აქამდე მისასვლელად”. – თქვა ლანდსბერგისმა.