“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ საერთაშორისო პარტნიორებთან არჩევნების საკითხზე. ასე გამოეხმაურა ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას.
ბორელმა თქვა, რომ საჭიროა 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიება, რისთვისაც ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერმინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები, იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს “კინო” უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ მოქმედებენ რადიკალები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარალელურად, კალაძე ამტკიცებს, რომ რამდენიმე ინციდენტის გარდა “არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა”.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების დიდი ნაწილი. “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვება არ მიულოცია არცერთ საერთაშორისო პარტნიორს. პირიქით, ისინი ეთანხმებიან ოპოზიციის მოთხოვნას საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ.
არჩევნების შემდეგ პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. დღეს, 19 ნოემბრის დილას, პოლიციამ ძალადობრივად დაარბია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 2-დღიანი უწყვეტი აქცია. პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს აქციის მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიული უკუსვლა. ოცნებამ დააშორა საქართველო ევროინტეგრაციას. ყველას გვინდა, საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს.
საქართველოში გავაგზავნით მისიას, განვიხილავთ დარღვევებს. არჩევნების გამოძიება უნდა ჩატარდეს. მთავრობამ კი ცვლილებები უნდა განახორციელოს. სხვაგვარად საქართველო ვერ შეძლებს ევროპულ გზაზე წინსვლას.
მოვიწვევთ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წარუდგინოს ევროკავშირის წარმომადგენლებს თავისი ანგარიში.
მსურს ვუთხრა ქართველ ხალხს: ევროკავშირის კარი ღია იქნება, მაგრამ მთავრობის კურსი აშორებს საქართველოს ევროინტეგრაციისგან“, – აცხადებს იგი.
ბორელის თქმითვე, მისიის მიზანი ადგილზე ვითარების გამოკვლევა იქნება.