სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოფს, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა სახალხო დამცველი აქციის დარბევის დროს მელიქიშვილის გამზირზე.
მისივე თქმით, არ არის ახლა დაკავებულების ის რაოდენობა, რომ პირადად მისი მისვლა და მონახულება იყოს საჭირო.
„სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოს. იქ მხოლოდ ხედავ ერთ კონკრეტულ სივრცეს. ჩვენი თანამშრომლები ამას უყურებენ სოციალურ ქსელის საშუალებით, ტელევიზიით.
არაერთხელ გინახავთ, რომ თუ ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დროულად მოინახულონ, მე მივდივარ და ვხვდები დაკავებულებს. არ არის ახლა დაკავებულების ის რაოდენობა, რომ ჩემი მისვლა იყოს საჭირო“,- აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ვინც სახალხო დამცველს მიმართავს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მათი განცხადებები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იგზავნება.
„რაც შეეხება აქციას და აქციაზე დაკავებულ პირებს. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავავრცელეთ. მას შემდეგ, რაც დაიწყო აქციაზე ადამიანების დაკავება და ამის შესახებ ცნობილი გახდა, მაშინვე დაიწყეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ დაკავების იზოლატორებში და ყველა დაკავების შემთხვევაზე გვაქვს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი, რეაგირება. არამარტო დღეს, არამედ 2 დღის წინ დაკავებულებიც მოვინახულეთ. ვინც აცხადებს ძალადობის შესახებ და გვაწვდის ინფორმაციას, მათი განცხადებები გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შესაბამის უწყებებს.
რაც შეეხება მედიის მიმართ არსებულ საკითხს. არაერთგზის გამიკეთებია განცხადება, რომ ყველას უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. დაუშვებელია მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა და ხელისშეშლა. მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენ ვნახეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. რა დოკუმენტაციაც შევკრიბეთ, გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, სახელმწიფოს გამოხატულ ძალადობას უნდა მოჰყვეს შესაბამისი მკაცრი და დროული რეაგირება, რომ სისტემური ხასიათი არ მიიღოს, რაც შეეხება ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ ძალადობას, სახელმწიფოს ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. არ უნდა დავუშვათ რომ მედიას ფიზიკური პირი იქნება, თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი ისეთი ძალადობა მიაყენოს, რომ ხელი შეუშალოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში“,- აღნიშნა იოსელიანმა.