ხატია დეკანოიძე – ოპოზიციის წარმომადგენელს სასამართლოში მიბარებენ – ეს არის სრული აბსურდი, კომიკური სიტუაცია – რა ვერ გაიგეს, რა ვერ დაინახეს, რატომ ვერ გამოიბერტყეს ყურები, ჩემთვის წარმოუდგენელია

მომაცდინეს და მოვედი, რომ აბსურდზე ვილაპარაკო, წარმოუდგენელი კომიკური სიტუაციაა – რა ვერ გაიგეს, რა ვერ დაინახეს, რატომ ვერ გამოიბერტყეს ყურები, ჩემთვის წარმოუდგენელია,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ს შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, მას არც სასამართლოს, არც პროკურატურის ზოგადად, არცერთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის იმედი არ აქვს.
ოპოზიციონერი ლიდერი ასევე, გამოეხმაურა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროცესებს.
მისი განცხადებით, ყველამ, ვისაც „ესმის რა ხდება დღეს საქართველოში, მისი საკუთარი უფლება ქუჩაში უნდა დაიცვას“.
„უპირველესად, მინდა, იმ წარმოუდგენელ, საზარელ მიდგომას მინდა გამოვეხმაურო, როდესაც დილით, ადრე ჩვენი თანამებრძოლები, მეგობრები დაარბიეს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ, ყველა ვიყოთ მობილიზებულები ამ გაყალბებული, წარმოუდგენელი სიტუაციის ფონზე, კვლავ სასამართლოში სიარული გვიწევს. რამდენიმე დღის წინ პროკურორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი განცხადებების საფუძველზე, როდესაც ვაცხადებ, რომ არჩევნები გაყალბებულია, სასამართლოში მიბარებენ. გუშინ მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა. ჩემთვის ეს პროცესი არის წარმოუდგენლად აბსურდული, სასაცილო, კომიკური. განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც მოქალაქეებს და ადამიანებს უკეთებენ დარბევისას. არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ არჩევნებს არ აღიარებს. მე, ოპოზიციის წარმომადგენელს სასამართლოში მიბარებენ – ეს არის სრული აბსურდი. ეს იმ რეჟიმის გაგრძელება და მახინჯი ფორმაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მე შევასრულე ჩემი ვალდებულება, მოვედი სასამართლოში, რაც ვიცი ყველაფერს ვეტყვი სასამართლოს, მაგრამ არც სასამართლოს, არც პროკურატურის და ზოგადად, არცერთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის იმედი ნამდვილად არ მაქვს, ისევე როგორც საქართველოს არცერთ მოქალაქეს. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ესმის რა ხდება დღეს საქართველოში, მისი საკუთარი უფლება უნდა დაიცვას ქუჩაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა დეკანოიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.
ასევე, შეგახსენებთ, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, , ზურაბ ჯაფარიძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე, ლონდა თოლორაია.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.